კომპანია „ქალაქური“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქციის მიწოდებაზეა ორიენტირებული, დღეს სამომხმარებლო ბაზრის 60%-დან 70%-მდე ფარავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ქალაქურის“ დირექტორმა მურად ღოღაძემ განუცხადა, კომპანია ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც ინტენსიურად მუშაობს და საექსპორტო ბაზრების გაფართოებასაც ცდილობს. მისი თქმით, დაახლოებით ერთ თვეში კომპანია ბაზარზე თხილის კარაქს გამოიტანს, თუმცა ამ დროისათვის აღნიშნულის სახელწოდებაზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს.
რაც შეეხება ექსპორტს, “ქალაქურის“ პროდუქცია 2024 წელს აშშ-ში, კანადაში და გერმანიაში გაიყიდა.
„2024 წელს რეალიზაციაში დაახლოებით 8%-იანი ზრდა გვქონდა. 2024 წელს გავედით ექსპორტზეც და ჩვენი პროდუქცია შევიტანეთ 3 საექსპორტო ბაზარზე. ჩვენს გაყიდვებში ექსპორტის წილი დაახლოებით 10%-ი იყო. საექსპორტო ბაზრებიდან მორიგ შეკვეთებს უკვე 1 თვის ვადაში ველოდებით, რადგანაც ჩვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადი იყო. საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩინეთის და საფრანგეთის მიმართულებით“, - განაცხადა მურად ღოღაძემ.
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კომპანიას საწარმოო სიმძლავრეებიც გააჩნია და შესაბამისად გაზრდილ მოთხოვნასაც ადეკვატურად უპასუხებს კიდეც.
„გააჩნია რა მოთხოვნა იქნება, თუმცა წარმოების ზრდის რესურს ამ ეტაპისთვის გაქვს, რადგანაც არსებული საწარმოო სიმძლავრეებით წარმოების მინიმუმ გასამმაგება შეგვიძლია“, - აღნიშნა ქალაქურის დირექტორმა.
„ქალაქური“, რომელიც 30 სახეობის პროდუქტს აწარმოებს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად თხილეულს და ჩირს ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ „ქალაქური“ სამომხმარებლო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი პროდუქტებია თხილი, ნუში, ფისტა, ქეშიუ და სხვა თხილეულის ნაირსახეობები. კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახეობის ქართული ხილის და ჩირებით მიღებულ პროდუქტს, მათ შორისაა ტყლაპი და ჩურჩხელა. კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქციის წარმოებაზე.
კომპანია ფლობს თხილის პლანტაციებს კახეთში. თუმცა იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს ხილს ფერმერებისგან ყიდულობს და შემდეგ უახლესი ტექნოლოგიით აჩირებს.
უახლესი
2 წუთის წინ
2024 წელს Tesla-ს მოგება 23%-ით შემცირდა1 საათის წინ
2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა