2023 წლის აპრილში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წელთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა და 589.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაღრმავება ძირითადად საქონლის იმპორტის ზრდას უკავშირდება, - ამის შესახებ სებ-ის მაისის თვის ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნულ თვეში, საქონლის იმპორტმა წლიურად 9.8%-ით, 1,090.6 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა, ხოლო ექსპორტი წლიურად 20.4%-ით გაიზარდა და 500.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
იმპორტი
2023 წლის აპრილში საქონლის იმპორტი წლიურად 9.8%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.
კერძოდ, სამომხმარებლო სახის საქონლიდან მეტწილად მსუბუქი ავტომობილების, რომელთა დიდი წილი რეექსპორტზე გადის, შესყიდვები გაიზარდა. სამომხმარებლო ჯგუფიდან ასევე მაღალი იყო სატელეფონო აპარატების, სიგარეტები-სიგარილებისა და სამკურნალო საშუალებების შესყიდვები.
ამასთანავე, მეორე მსხვილი საიმპორტო ჯგუფის - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების - იმპორტი შემცირდა, რამაც სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდა შეანელა.
შუალედური სახის საქონლის იმპორტის ჯგუფიდან ნავთობის აირებისა და მოსაპირკეთებელი ფილების იმპორტის ზრდა გამოირჩეოდა, ხოლო რეექსპორტისთვის განკუთვნილი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ასევე ტურბოხრახნიანი ძრავების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
საინვესტიციო საქონლის იმპორტის მატება უმეტესად გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, ასევე სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორების შესყიდვებმა გაზარდა. მთლიანობაში, საქონლის იმპორტი წინა წელთან შედარებით რეალურად 23.8%-ით გაიზარდა
ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის მატებაში მაღალი წვლილი შეიტანა თურქეთმა, რაც სამკურნალო საშუალებებისა და სიგარეტები-სიგარილების შემოტანის მატებას უკავშირდება.
უკრაინიდან იმპორტი წლიურად მცირედით არის გაზრდილი, ძირითადად ალაოსა და მზესუმზირის ზეთის შემოტანის გავლენით. სომხეთიდან იმპორტის მცირედით მატება სიგარეტები-სიგარილების მატებამ განაპირობა, ხოლო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი თითქმის იმავე დონეზე იყო.
რუსეთიდან კვლავ გაზრდილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ნავთობაირების იმპორტი. სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სატელეფონო აპარატებისა და მსუბუქი ავტომობილების, იტალიიდან ჭურჭლის სარეცხი მანქანების, იაპონიიდან მსუბუქი ავტომობილების, გერმანიიდან მსუბუქი ავტომობილებისა და ტრაქტორების, პოლონეთიდან ტრაქტორების, ნიდერლანდებიდან სამედიცინო ხელსაწყოების, ხოლო ჩეხეთიდან სატელეფონო აპარატების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.
ამის საპირისპიროდ, თურქმენეთიდან, ბულგარეთიდან და აზერბაიჯანიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მექსიკიდან შაქრის, ხოლო ჩილედან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი არსებითად შემცირდა.
აღნიშნულ თვეში, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 63% მოდიოდა.
წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.
აპრილში იმპორტირებულ საქონელში, წამყვანი წილი მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობპროდუქტებსა და სამკურნალო საშუალებებს (23% წილი მთლიან იმპორტში) ეჭირა.
აღსანიშნავია, რომ აპრილში იმპორტი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით წინა წლის აპრილთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო, - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში.
უახლესი
27 წუთის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი2 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს