ეს იქნება მტკივნეულიც, მგრძნობიარეც, მაგრამ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით, - ასე შეაფასა რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას უმაღლესი განათლების მიმართულებით დაანონსებულ რეფორმები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ. ის დარწმუნებულია, რომ რეფორმა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება.
„ძალიან საშურია ეს რეფორმები. იქნება მტკივნეულიც, მგრძნობიარეც, მაგრამ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით. ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება სწორედ ახალგაზრდების მიმართ გაწეული, მათი მშობლების მიმართ გაწეული. ვიცი, რომ დაგეგმილია ძალიან კომპლექსური ღონისძიებები, რადგანაც განათლება ეხება თითოეულ ოჯახს. მინდა მხოლოდ წარმატება ვუსურვო სახელმწიფო კომისიას, რომელიც განათლების რეფორმის მიმართულებით შეიქმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებები წარიმართება აკადემიურ,საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან აქტიური დისკუსიის და დიალოგის ფორმატში. ყველაზე კომპლექსური და რთული იქნება ამ სფეროში განსახორციელებელი რეფორმები“, - აცხადებს ხუბუა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების ხარისხის კუთხით.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა რესურსი, რათა 4 წელიწადში თვისებრივად განახლებული სისტემა ჩამოყალიბდეს და ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება შეძლოს.
უახლესი
3 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი