Asomtavari • ასომთავარი კომპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მემკვიდრეობის, მათ შორის ქართული დამწერლობისა და ტრადიციების, თანამედროვე ფორმით გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ბოლო პერიოდში გაფართოვდა ასორტიმენტი. მისივე თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია.
„ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ასორტიმენტს დავამატეთ, ზოდიაქოები, რამაც მომხმარებლების დაინტერესება გამოიწვია. ძირითადად, ცოტა დიდი თაობის ადამიანები ინტერესდებიან, მაგრამ არიან ახალგაზრდებიც, ვისაც სურს დიდი თაობის წარმომადგენლებისთვის საჩუქრის ჩუქება უცხოსი და განსხვავებულის“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ჟორჟოლიანი.
Asomtavari ამ ეტაპზე ექსპორტს არ ახორციელებს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ქართველი მომხმარებლები იძენენ უცხოეთში წასაღებად ბრენდის პროდუქციას.
„უცხოეთიდან მოთხოვნა დიდი არ არის, თუმცა ყოფილან არაქართველი ამერიკაში მცხოვრები მომხმარებლები. დავინტერესებულვართ თუ რატომ შეიძინეს და ა.შ. როგორც აღმოჩნდა მათ იცოდნენ ჩვენი ქართული ანბანის შესახებ. ეს იშვიათად. უფრო ხდება ხოლმე, რომ ქართველებს მიაქვთ თავიანთი უცხოელი მეგობრებისთვის. ალბათ ისინიც აცნობენ და ამ ტრადიციებს იცნობენ, რადგან ქართველი მეგობრები ჰყავთ. აი ასეთი შემთხვევა ხშირია, როცა ქართველს მიაქვს საზღვარგარეთ საჩუქრად “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ჟორჟოლიანი.
სამომავლოდ კომპანია კვლავ გეგმავს ასორტიმენტის გაფართოებას.
„ძალიან ბევრი იდეა გვაქვს და ძალიან ბევრი უკვე შექმნილი ნამუშევარი გვაქვს ხელთ, თუმცა მისი სრულყოფა ისე რომ რეალიზაცია გავუწიოთ და დავხატოთ - ეს დროს მოითხოვს და პერიოდულად ვამატებთ. ჯერ მთლიანი ანბანი გვქონდა მხოლოდ, რაღაც პერიოდის მერე ცალკე ასო-ნიშნები დავამატეთ, ახლა ზოდიაქო და კიდევ ბევრი, რაც ქართულ ანბანთან და ხელნაწერებთან იქნება დაკავშირებული. ბევრი დოკუმენტი გვაქვს ხელთ და გვინდა, რომ განვახორციელოთ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ჟორჟოლიანი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას სახელი ასომთავრულიდან გამომდინარე დაერქვა და ბაზარზე დაახლოებით ორი წელია, რაც ოპერირებს. „ასომთავარის“ დაარსების ისტორია მეტად საინტერესოა და ის ბებიასა და შვილიშვილის ერთობლივ იდეასა და ინტერესს უკავშირდება.
„ჩვენს კომპანიას ჰქვია ასომთავარი, ასომთავრულიდან გამომდინარე წამოვიდა ეს სახელი. კომპანია დაარსდა დაახლოებით 2 წლის წინ. მე ვარ ელენე მაჭავარიანის შვილიშვილი, რომელიც არის ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, კალიგრაფი და პროფესორი. 93 წლის არის ამჟამად, თუმცა აქტიურად მუშაობს დღემდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ეს არის აი რასაც მე ვაკეთებ და რასაც სახლში ვუყურებდი ბავშვობიდან. რამდენიმე წლის წინ დავსხედით ერთად და მე დავიწყე ჩემი ხელით დახატვა იმის, რაც ბებიას ამდენი წლის განმავლობაში შეუგროვებია, თვითონ დაუხატია. მისი ნამუშევრები გამოფენებზეა წარმოდგენილი, თვითონ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიც მისი ბევრი ასლია შესრულებული ხელნაწერებიდან და მე ასე ვთქვათ დავიწყე ამის გაცოცხლება. ჩემი მიზანი იყო ქართული ანბანის პოპულარიზაცია უფრო თანამედროვე სამყაროში და თანამედროვე ცხოვრებაში. ქართული ანბანის ასო-ნიშნები გამოგვაქვს. გვაქვს სრული ანბანი, გვაქვს ცალკე ასო ნიშნები. თითოეული ასო ინდივიდუალური არის. ამასთანავე, გაფორმებულია ძალიან ლამაზად. ყველაფერი მე და ბებიამ ერთად დავხაზეთ, ერთად მოვიფიქრეთ. დღემდე აქტიურად ვმუშაობთ და ბევრი გეგმა გვაქვს წინ. ანბანთან ერთად წელს იანვარში დავამატეთ ზოდიაქოს ნიშნები. ეს ზოდიაქოს ნიშნები გადმოღებულია საქართველოს 12-ე საუკუნის ასტროლოგიური ტრაქტატიდან, ესე ჰქვია ხელნაწერს. ჩვენს ნამუშევრებში გამოყენებულია ოქროს დეტალები მაღალი ხარისხის, ეს მნიშვნელოვანი დეტალია ძალიან უხდება არის სრულად "ჰენდმეიდი" შეფუთული სასაჩუქრედ ან თუნდაც სახლისთვის განსაკუთრებული საჩუქარი არის “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ჟორჟოლიანი.
უახლესი
7 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი