რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული ბრენდი „შირაქი“ 2025 წლის ბოლომდე წარმოებას ახალ საწარმოში დაიწყებს, რომელსაც მენეჯმენტი გარდაბანში აშენებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა და მფლობელმა ნიკოლოზ ბენიაიძე განაცხადა, საწარმოს მშენებლობა გარდაბანში ინტენსიურად მიმდინარეობს და ოპერირებას სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოდან დაიწყებს.
„აქტიურად მიმდინარეობს ახალი საწარმოს მშენებლობა. წარმოება თბილისიდან უნდა გავიტანოთ და გადავიდეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტში. პირველ ეტაპზე ინვესტიციის მოცულობა 1,5 მლნ ლარია და ახალ საწარმოს დღეში 15-დან 20 ტონამდე რძის გადამუშავება შეეძლება. არსებული საწარმო კი დღეში 7-8 ტონა რძის გადამუშავების საშუალებას გვაძლევს“, - აცხადებს ბენიანიძე.
მისივე თქმით, „შირაქი“ მომხმარებელს სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტს სთავაზობს, თუმცა არსებული დაკვირვება აჩვენებს, რომ ყველაზე მოთხოვნადი მაინც იმერული ყველი და სულგუნია.
„შირაქის“ პროდუქცია დღეს თითქმის ყველა სუპერმარკეტები ქსელშია წარმოდგენილი. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, საკუთარი სავაჭრო ობიექტების გაფართოებას არ გეგმავს და ამ ეტაპზე საკუთარი 2 სავაჭრო წერტილითაა წარმოდგენილი.
„შირაქის“ პროდუქცია აქტიურად იყიდება ექსპორტზეც, აშშ-სა და საფრანგეთში.
„შირაქის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ძირითადად ყველის ნაირსახეობები გააქვს და აშშ-ში და საფრანგეთში გაყიდვები ყოველწლიურად 10%-მდე ზრდას აჩვენებს. ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს აქ ზრდა არ არის.
„ადგილობრივ ბაზარზე გარკვეული კლება დაფიქსირდა 1,5 წლის უკან და მის შემდეგ თითქმის ერთ ნიშნულზეა. არ იკლებს, თუმცა არც მნიშვნელოვნად იზრდება“, - აცხადებს ბენიანიძე.
კომპანია „შირაქი“ 2012 წელს დაფუძნდა. მისი საწარმო დღეისათვის თბილისში მდებარეობს, სადაც 50-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
6 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი