10 მილიონი ლარის ინვესტიციით, Ice Age ყინული, ნატახტარში საწარმოს აშენებს.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი აბაშიძემ განუცხადა, საწარმო 2025 წლის სეზონისთვის უკვე მოქმედი იქნება.
„10 მილიონი ლარის ინვესტიციით, ვაშენებთ დიდ ქარხანას ნატახტარში, რომელიც მთლიანად ავტომატიზებული იქნება, იმუშავებს რობტექნიკა. საწარმოში 20-30 ადამიანამდე დავასაქმებთ. ყინულის წარმოების ბაზარი დიდია საქართველოში, თუმცა ყინულზე მოთხოვნა პირდაპირ დამოკიდებულია ამინდზე. 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის ქარხანა უკვე იმუშავებს. სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტს აზერბაიჯანში“,- ამბობს გიორგი აბაშიძე.
Ice Age ყინული 2016 წელს ბიუჯეტური კაპიტალით შეიქმნა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, ბიზნესმა გაამართლა და კომპანიის წარმადობა და გაყიდვები წლიდან-წლამდე სწრაფად იზრდება.
„2016 წელს დავიწყე საქმიანობა ბიუჯეტური სახსრებით და დღე-ღამეში ყინულის წარმოება შეადგენდა 200 კილოგრამს. მოთხოვნა იზრდებოდა თვიდან-თვემდე, რადგან ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი ძირითადად ჰორეკა სექტორია. კაფე-ბარებისთვის და რესტორნებისთვის იყო საკმაოდ კარგი შეთავაზება, რადგან მათ საკუთრებაში არსებულ დაზგა-დანადგარების წარმადობა არ ჰყოფნიდათ და სურდათ პროდუქციის დამატება. ჩვენ ეს კომფორტი შევუქმენით და ჰორეკა სექტორს ყინული მივაწოდეთ და ამ შეთავაზებამ გაამართლა.
შემდეგ შევედით ჰიპერმარკეტების ბაზარზე, სადაც ყინულის ყიდვა 1 და 2-კილოგრამიან შეფუთვებშია შესაძლებელი. „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მივიღეთ დაფინანსება. გავფართოვდით, დაზგა-დანადგარები დავიმატეთ. შემდეგ დავამატეთ დისტრიბუცია, მანქანები. წლიდან-წლამდე კომპანია იზრდება. ევროპის ყინულის საწარმოთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები გავხდით“, - ამბობს გიორგი აბაშიძე.
ამ დროისთვის Ice Age ყინული საწარმოს თბილისში, სამგორის რაიონში ფლობს და ფართი იჯარით აქვთ აღებული. კომპანიის წარმადობა დღე-რამეში 9-10 ტონაა დასაქმებულია 35 ადამიანი.
უახლესი
4 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები