„ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი გვყავს“ - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „კოკა-კოლა“-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მომდევნო ოთხი წელი 2026 წლის ჩათვლით ითანამშრომლებენ.
„კიდევ ერთხელ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებსა და კოკა-კოლას შორის ორი წლის წინ შედგა თანამშრომლობა. ამ პერიოდში წარმატებული გზა გავიარეთ ერთად და აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ეროვნული ნაკრების და კოკა-კოლას თანამშრომლობა კიდევ ოთხი წლით გაგრძელდა.
მოხარულები ვართ, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი და მეგობარი გვყავს, რომელიც წლების განმავლობაში ედგა ქართულ ფეხბურთს გვერდში და ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ კოკა-კოლა არის აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი მოახლოებული ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ცხადია, ბევრი საინტერესო აქტივობა გვაქვს დაგეგმილი და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში კოკა-კოლა აქტიურად იქნება ჩართული“- განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.
უახლესი