საქართველო ეკონომიკური ზრდის დადებით ტემპს შეინარჩუნებს, მაგრამ ზრდა იქნება მცირე და კეთილდღეობისთვის არასაკმარისი. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი. რომლის შეფასებითაც, ქვეყანას მინიმუმ, ორნიშნასთან მიახლოებული ზრდა სჭირდება, რომ ეკონომიკაზე დადებითად აისახოს.
რაც შეეხება 5,1 %-იან ზრდას, რომელიც სექტემბერში დაფიქსირდა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამის მიღწევა ეკონომიკაში რუსეთის ფაქტორის გამორიცხვითაც შეიძლებოდა.
„ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მოსალოდნელი იყო. შარშან გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც კონკრეტული ფაქტორებით იყო გამოწვეული. მათ შორის რუსული ნაკადების შემოსვლით საქართველოს ტერიტორიაზე. იგულისხმება როგორც ადამიანები, ასევე კაპიტალის შემოდინება.
ფულადი ნაკადები დროებითი ფაქტორი იყო და ტენდენცია არ გაგრძელებულა. რაც შეეხება მოქალაქეებს, რუსეთიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ამ ქვეყნის მეტი მოქალაქე გადის, ვიდრე შემოდის. ცხადია, ეკონომიკაზე ესეც აისახება. 5,1%-იანი ზრდა რეალურია, რაც რუსეთის ფაქტორის გარეშეც გვექნებოდა.
ტურიზმში არის ზრდა და ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მცირედი ზრდა ფიქსირდება. ცალკე საკითხია, რომ ჩვენთვის 5%-იანი ზრდა უმნიშვნელოა, გაცილებით სწრაფი ტემპით უნდა გაიზარდოს ეკონომიკა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. ორნიშნა თუ არა, მინიმუმ, ორნიშნასთან მიახლოებული მაჩვენებელი უნდა ფიქსირდებოდეს“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი და დასძენს, რომ ეკონომიკური ზრდა დაბალ ტემპს შეინარჩუნებს და ტენდენცია მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც გაგრძელდება, რა თქმა უნდა თუ, დამატებით რაიმე ფაქტორების გავლენა არ იქნება.
,,ახლა ეკონომიკა შედარებით დაბალი ტემპით იზრდება, რაც არის ლოგიკური შედეგი. თუკი ეკონომიკაში რამე დამატებითი ფაქტორები არ გამოვლინდება, არსებულ ტემპს შევინარჩუნებთ მომდევნო თვეების განმავლობაშიც. ცხადია, მცირე და არასაკმარისი ზრდაა. ამიტომ ვისურვებდი,ზრდა ინკლუზიური იყოს და ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახოს“, - აცხადებს ანალიტიკოსი Business Insider Georgia-თან.
ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.
უახლესი