დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Food Balls-ი FMCG სექტორის ათვისებას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს

Food Balls-ი FMCG სექტორის ათვისებას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს

25-09-2024 10:57:00

ფუდ ბოლსი • Food Balls-ი, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვის უკან გამოჩნდა და Kusa Food Balls-ის სახელით ოპერირებდა, უკვე ქსელურ სუპერმარკეტებშიც იყიდება. „წერტის“ შემდეგ Food Balls-ი „ნიკორას“ ქსელშიც შევიდა და დღეიდან „გუდვილშიც“ გამოჩნდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მორდეხაშვილმა განაცხადა,  Food Balls-ის სტრატეგია FMCG მიმართულების ათვისებაა.

„ჩვენ უკვე ვართ Glovo-ზე, Wolt-ზე და Bolt Food-ზე, ხოლო დღეიდან უკვე ვიქნებით „გუდვილში“, ხოლო ძალიან მალე „ევროპროდუქტში“. ჩვენი პროდუქცია მომხმარებელს კარგად გავაცანით იმ პერიოდში, როდესაც ვიყავით ჰორეკა სექტორში. ვინაიდან პროდუქციამ დატესტვის დროს, რითაც ახლა სუპერმარკეტებში შევდივართ, დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება, რაშიც ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, გადავედით FMCG მიმართულებაზე. შევქმენით სპეციალური შეფუთვა და სტრატეგიულ მიმართულებად  FMCG სეგმენტი ავირჩიეთ“, - განმარტავს  Food Balls-ის დამფუძნებელი. 

აღსანიშნავია, რომ მეწარმეების უმეტესობა, რომლებიც სუპერმარკეტებში შესვლას ცდილობენ, განმარტავს რომ ამ სეგმენტში შესვლა, სუპერმარკეტების მხრიდან არსებული მოთხოვნების გამო, უჭირთ. თუმცა  გიორგი მორდეხაშვილი აცხადებს,  Food Balls-ის მაგალითზე FMCG სეგმენტში გადასვლა არ გასჭირვებიათ და რომ სუპერმარკეტების მოთხოვნებიც მათთვის მისაღები იყო. 

„მეტ-ნაკლებად ყველა ქსელთან გვაქვს ერთნაირი და საკმაოდ ხელსაყრელი პირობები ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა კომპანიისთვის. მე ვფიქრობ, რომ დიდწილად რამდენიმე ფაქტორმა იმუშავა: ყველას მოეწონა ჩვენი პროდუქტის გემოვნური და ვიზუალური თვისებები, მოეწონათ კონცეფცია და ამ კონცეფციას თვლიან პერსპექტიულად და ასევე ის, რომ Food Balls-ი არის ქართული წარმოება და ქართული ბრენდი. ამ ქსელებიდან საკმაოდ თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობთ და დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

Food Balls-ის დამფუძნებლის თქმით, დღეს ბაზარზე სამი სახეობის პროდუქტით არიან წარმოდგენილები, ღომისა და ყველის გარდა, მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს შქმერულისა და კიევური კატლეტის ბურთულები.  Food Balls-ი უახლოეს დღეებში ასორტიმენტს გამრავალფეროვნებასაც გეგმავს და მომხმარებლებს ყველიანი ხორცის ბურთულებსაც შესთავაზებს. 

„ჩვენი პროდუქცია იყიდება სპეციალური შეფუთვით, რომელშიც არის 12 ცალი ბურთულა და ფასი შქმერულისა და კიევურის შემთხვევაში არის 14.90 ლარი, ხოლო ღომისა და ყველის შემთხვევაში 10,90 ლარი“, - განმარტა  Food Balls-ის დამფუძნებელმა. 

 Food Balls-ის პროდუქციის ერთი შეფუთვა, ანუ 12 ცალი ბურთულა გათვლილია 2 ადამიანზე და პროდუქცია ძირითადად საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.

რაც შეეხება გაყიდვებს,  Food Balls არსებული მაჩვენებლებით კმაყოფილია.

„ვინაიდან ნიკორაში სულ სამი დღეა რაც შევედით, ხოლო წერტიში ერთი თვეა, წერტის მაგალითზე გეტყვით, რომ გაყიდვებმა ჩვენი მოლოდინები 100%-ით გაამართლა და ახალი პროდუქტისათვის, რომლის შესახებაც ჯერ ბევრმა არ იცის ძალიან კარგი სტარტია“, - ამბობს გიორგი მორდეხაშვილი.

Food Balls-ის საწარმო თბილისში, სამგორის რაიონში მდებარეობს, რაშიც დაახლოებით 250 ათასი დოლარია ინვესტირებული. ირკვევა, რომ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე საწარმოს სიმძლავრეების ზრდა არ ესაჭიროება, თუმცა კადრების დამატება გარკვეული მიმართულებებით მოუწევს. 

„ჩვენი საწარმო დიდი რაოდენობის წარმოებაზე თავიდანვე იყო გათვლილი. ამიტომ ამ ეტაპზე თვითონ საწამოში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა გავიზრდებით გაყიდვების და დისტრიბუციის კადრების მიმართულებით, რადგანაც რაც მეტი იქნება გაყიდვები მით უფრო მეტი გაყიდვების მენეჯერები და დისტრიბუტორები დაგვჭირდება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

Food Balls არის ქართული სწრაფი კვების ინოვაციური კონცეფცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კლასიკურ ქართულ კერძებს ბურთულების ფორმატში, სხვადასხვა გარსითა და შიგთავსით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები