არაფინანსური კომპანიების სეგმენტის მდგრადობა გაზრდილია, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის 2024 წლის ანგარიშში წერია. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად გაზრდილი გაურკვევლობის მიუხედავად, არაფინანსური კომპანიები ზრდას სტაბილური ტემპით განაგრძობს.
„კომპანიების დაფინანსებაში საბანკო სესხების წილი კვლავ მზარდია. ასევე მზარდია ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში დენომინირებული. ამასთან, არაფინანსური კომპანიების სეგმენტის როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანი ვალის დედოლარიზაციის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მიმდინარე წლის პირველი ნახევრისთვის, არაფინანსური კომპანიების საბანკო სესხების ზრდა დაჩქარდა და ევროპის ქვეყნების ზრდას გადაასწრო. მიუხედავად ამისა, კომპანიების ვალის ტვირთი, როგორც სესხების ნომინალურ მშპ-თან ფარდობა, კვლავ ჩამოუვარდება მის გრძელვადიან დონეს. COVID-19 პანდემიის შედეგად წარმოქმნილი სირთულეების გათვალისწინებით, 2022 წლის მდგომარეობით, არაფინანსური კომპანიების მომგებიანობის, ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები გაუმჯობესდა.
ამავე პერიოდში, არაფინანსური კომპანიების მთლიან დაფინანსებაში მოკლევადიანი ვალის წილის შემცირებაც შეინიშნება. გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, კომპანიების ვალდებულებების მაღალი დოლარიზაცია სეგმენტში არსებულ რისკებზე მიუთითებს. თუმცა, კომპანიების მოწყვლადობის ანალიზის თანახმად, ზომიერი სტრესის სცენარის შემთხვევაში კომპანიების ვალის მომსახურების უნარი კვლავ ჯანსაღ დონეზე ნარჩუნდება, ხოლო მათი ფინანსური მდგრადობის რისკები არსებითად არ იზრდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უახლესი
1 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს2 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება