ფქვილი ძვირდება, ერთ ტომარაზე 52 ლარი ზღვარია, რასაც ფქვილის ფასმა არ უნდა გადააჭარბოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პურის მრეწველთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე განმარტავს, პური შეიძლება გაძვირდეს.
დოლიძის თქმით, პურის ქარხნებმა პირობა დადეს, რომ ქართველ მომხმარებელს პური არ გაუძვირონ, თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანია სწორედ 52 ლარის ფარგლებში შენარჩუნდეს ფქვილის ფასი.
ამ ეტაპზე 1 ტომარა ქართული წარმოების ფქვილის ღირებულება 50 ლარამდეა, თითქმის ამდენივე ღირს რუსული ფქვილიც, რომლის უპირატესობა მაღალი წებოვნებაა.
„საქმე ისე მიდის, რომ ერთი ტომარა ფქვილი 52 ლარი ეღირება. ეს არის ზღვარი, სადამდეც აიტანს წარმოება, რომ პური არ გააძვიროს. ზამთარი ახლოვდება და როგორც კი ლარსზე შეფერხება დაიწყება დიდთოვლობის გამო, შეიძლება ბევრმა ისარგებლოს ამით და ფქვილი გააძვირონ, არაფრისგან არ ვართ დაზღვეული.
ჩვენ პირობა დავდეთ, რომ პურის არ გავაძვირებთ, მაგრამ როგორც კი ფასი გადასცდება ზღვრულ მაჩვენებელს, დავიწყებთ ფიქრს, რა უნდა ვქნათ. ჯერჯერობით, რა ფასიც არის, პურზე არ აისახება, ფასს შევინარჩუნებთ, მაგრამ არ ვიცით რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს, მთავარი მაინც ხარისხია.
ადგილობრივ წარმოებაში ამ მხრივ უპირატესობა იმპორტულ ფქვილს აქვს, რომელიც უფრო მეტო წებოვნებით ( წყლის შთანთქმის უნარი) გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პური ფასთან ერთად, ხარისხითაც სტაბილური იყოს“, - აცხადებს დოლიძე Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით გაიზარდა და 250 ლარს შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა და მისი მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე არის განსაზღვრული.
უახლესი