დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპაში სილიკომანგანუმზე მოთხოვნის კლებამ, ქართული პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა შექმნა  -  ასოციაცია

ევროპაში სილიკომანგანუმზე მოთხოვნის კლებამ, ქართული პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა შექმნა  -  ასოციაცია

16-11-2023 19:00:22

მეორე წელია, საქართველოში ფეროშენადნობების ექსპორტი მცირდება. ამის მიზეზი ევროპაში სილიკომანგანუმზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლებაა, რაც თავის მხრივ, უკრაინა-რუსეთის ომს უკავშირდება.

შესაბამისად, როგორც საქართველოს ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნუგზარ კევლიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ვიდრე რუსეთ-უკრაინას შორის კონფრონტაცია გრძელდება, ბაზარზე არსებულიმდგომარეობა შესაძლოა, არ შეიცვალოს. 

,,ძალიან ცუდი ვითარებაა, ევროპაში სილიკომანგანუმზე მოთხოვნის კლებამ ქართული პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა შექმნა. მით უმეტეს, ზამთრის პერიოდია, ენერგომატარებლები ევროპაში გაძვირდა, მეტალის წარმოება კიდევ უფრო შემცირდა და მოთხოვნა სილიკომანგანუმზეც იკლებს.

ისრაელში არსებული მდგომარეობა ამ მხრივ ბაზარზე ნაკლებად აისახება, მთავარი დაბრკოლება რუსეთ-უკრაინის ომია. როგორც კი საომარი მოქმედებები დაიწყო, მას შემდეგ გაურკვეველი ვითარებაა", - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.

მისი თქმით, გლობალურ ბაზრებზე ქართულ სილიკომანგანუმი კონკურენტუუნაროა ინდური პროდუქციის მიმართ, რომლის უპირატესობა მხოლოდ ფასშია.

„ინდურმა ფეროშენადნობებმა დიდი კონკურენცია გაგვიწია, ძალიან დაბალ ფასში ჰყიდიან პროდუქციას, არასახარბიელო ვითარებაა. ამ დროს ინდოეთში წარმოებული პროდუქცია ძალიან დაბალი ხარისხისაა. მაგალითად, ჩვენთან სილიკომანგანუმის შემცველობა თუ არის 70%,  ინდური პროდუქციის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი  63  %-ია. ძირითადად თურქები ყიდულობენ. მიუხედავად იმისა, რომ უხარისხოა, იაფია და უღირთ. მთლიანად გლობალურ ბაზრებზე ვართ დამოკიდებული, როგორც კი ომის სიტუაცია გაირკვევა, მეტალის წარმოებაზე გაჩნდება მოთხოვნა და  მდგომარეობა შეიცვლება. ამის მოლოდინი გვაქვს" - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.

ცნობისთვის, ფეროშენადნობების ექსპორტი 44%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 140,056.39 ათასი დოლარის ღირებულების 115,837.46 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 431,617.46 ათასი დოლარის ღირებულების 208,441.27 ტონა ფეროშენადნობები გავიდა. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები