საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგან "მოქალაქეობის" მასწავლებლებისთვის ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა. სასწავლო მასალა გერმანულ ფონდ შპარკასესა (German Sparkassenstiftung) და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, ასევე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართულობით შეიქმნა და ფინანსური განათლების საკითხების სწავლებისას მასწავლებელთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
დამხმარე სახელმძღვანელო საგან "მოქალაქეობის" მე-9 კლასებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა: პროფესია და სამსახური, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, საფინანსო ორგანიზაციები და პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, დაზღვევა. სახელმძღვანელო თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ აქტივობებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და თამაშებსაც ითვალისწინებს, რათა მასწავლებლებს ცოცხალი, აქტიური ხასიათის გაკვეთილების ჩატარებაში შეუწყოს ხელი, მოსწავლეებს კი - მოტივაციის ამაღლებასა და ფინანსური განათლების საკითხების პრაქტიკული კუთხით დანახვაში.
აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო მასალებზე დაყრდნობით ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს თბილისისა და რეგიონების სკოლების მოქალაქეობის 100-ზე მეტი მასწავლებელი გადაამზადა გარდა ამისა, გაგრძელდა ტრენერთა ტრენინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ტრენერებიც გადაამზადა, რომლებიც მომავალი წლიდან, მიღებულ ცოდნას სხვა მასწავლებლებსაც გაუზიარებენ.
დამხმარე სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალის - ფინედუს ვებგვერდიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მე-7 კლასის მასწავლებლებისთვის დამხმარე სასწავლო მასალა შემუშავდა და 600-მდე მასწავლებელი გადამზადდა.
უახლესი
2 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს3 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“