დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკულ ბირჟას სავაჭრო პლატფორმის შეძენა €1.4 მილიონი დაუჯდება

ენერგეტიკულ ბირჟას სავაჭრო პლატფორმის შეძენა €1.4 მილიონი დაუჯდება

20-10-2023 14:00:59

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი) დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში მუშაობის მომსახურებას გამარტივებული შესყიდვით მიიღებს, რაშიც 200 000 ევროს გადაიხდის.

დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში მუშაობა გათვალისწინებულია 2024 წლის 1 ივლისიდან არაუგვიანეს 2025 აპრილის ჩათვლით, თუმცა, სატესტო რეჟიმის მომსახურების მიღება შეწყდება უფრო ადრე, დღით ადრე ან/და დღიური ბაზრების გაშვების მომენტში, თუ მოხდება ამ ბაზრების გაშვება 2025 წლის მაისამდე.

სენბის მიერ დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში მუშაობის მომსახურების მიღება უკვე 3 წელია ხდება ნორდ პულისაგან. შესაბამისად, ჩატარებულია ის აუცილებელი სამუშაოები, რაც უზრუნველყოფს სატესტო რეჟიმის უწყვეტად მიმდინარეობას.

ასევე მეორე ხელშეკრულებით, ბირჟა ნორდ პულისაგან მთლიანი ბირჟის ელექტრონულ მხარდაჭერას იყიდის, რაც 1 412 700 ევრო უჯდება.

„სენბის მიერ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირების მომსახურება პირველივე წლიდან, გარანტიების მართვის სპეციალური ფუნქციონალის გათვალისწინებით. მომსახურების შეთანხმების ფარგლებში ნორდ პული ასევე უზრუნველყოფს აუქციონის და ანგარიშსწორების სისტემების API კავშირის მხარდაჭერას, სატესტო რეჟიმის სივრცეს ბაზრის მონაწილეთა ტრენინგების მიზნებისთვის და სტანდარტული პაკეტისგან განსხვავებული, გაუთვალისწინებელი დავალების შესრულებისათვის საკონსულტაციო მომსახურებას“, - აღნიშძნულია შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

დღით ადრე და დღიური ბაზრების სერვისების სენბისთვის მიწოდების მოქმედების ვადად განსაზღვრულია საქართველოში დღით ადრე ან/და დღიური ბაზრის მომსახურების მიწოდების დაწყებიდან სამი (3) წელი, მაგრამ არა უგვიანეს 2028 წლის 30 აპრილისა.

ხელშეკრულების სამწლიანი ვადა განპირობებულია იმ წინარე მოსამზადებელი სამუშაოებისა და მომზადების ეტაპის გათვალისწინებით, რომელიც გაწეულ იქნა ბირჟის ფუნქციონირების დაწყებისათვის, გონივრულია, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს სულ მცირე 3 წლის ვადით. აღნიშნული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელმეორედ იქნება გასაწევი სავაჭრო პლატფორმის და, შესაბამისად, სავაჭრო წესების და დაკავშირებული პროცესების მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით. ცვლილება განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს იმ პირობებში, როდესაც მონაწილეებს არ აქვთ ახალი ბაზრის მოდელის პირობებში ვაჭრობის, მათ შორის, ბირჟაზე ვაჭრობის გამოცდილება და არიან გამოცდილების დაგროვების ეტაპზე. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ოპერატორის (სენბის) ადამიანური კაპიტალი, რომლის ყურადღება ბაზრის ამოქმედების პირველ წლებში გამახვილებულია ახალი სეგმენტების ამოქმედებაზე, არსებული პროცესის დახვეწაზე და ამ პირობებში პლატფორმის ცვლილება მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ მუშაობას და, შესაბამისად, ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას. 

დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება სენბისათვის წარმოადგენს კანონმდებლობით (კონცეფციით, ბირჟის ოპერატორის ლიცენზიით, ასევე მარეგულირებელი კომისიის ცალკეული აქტებით) დაკისრებული ვალდებულებას და მისი განხორციელების ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს სწორედ ხსენებული სამართლებრივი აქტები, პირველ რიგში კი - კონცეფცია.

კონცეფციით დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედების ვადა უკვე 6-ჯერ შეიცვალა. ყოველ ჯერზე, კონცეფციით განსაზღვრული ახალი ვადების გათვალისწინებით, სენბის მიერ ხდებოდა სატესტო რეჟიმში მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება.

სს "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა" (ს.კ. 404589432) დაფუძნდა 2019 წლის 4 დეკემბერს,  სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა"  და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მიერ.

 საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) საქმიანობა

დღით ადრე ბაზრის ოპერირება
დღიური ბაზრის ოპერირება
დღით ადრე და დღიური ბაზრებისთვის ანგარიშსწორების სისტემის მართვა
მისია

ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით, გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისათვის

ხედვა

საქართველოს ბირჟა არის ელექტროენერგიით ვაჭრობის ადგილი არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე მიწოდების მიზნით, არამედ წარმოადგენს რეგიონულ ჰაბს, რომელიც გამოიყენება დაკავშირებული ბაზრების მონაწილეების მიერ ტრანსასასაზღვრო ვაჭრობისათვის

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები