დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკის სწორი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში, ნამდვილად გახდება ქვეყნის ევროკავშირში შესვლის წინაპირობა - ირინა მილორავა

ენერგეტიკის სწორი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში, ნამდვილად გახდება ქვეყნის ევროკავშირში შესვლის წინაპირობა - ირინა მილორავა

09-05-2023 10:30:26

ენერგეტიკის უსაფრთხო და სწორი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში, ნამდვილად გახდება ქვეყნის ევროკავშირში შესვლის მნიშვნელოვანი წინაპირობა, - მიიჩნევს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირინა მილორავა. 

როგორც Business Insider Georgia-თან ირინა მილორავამ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტის შეფასებისას განაცხადა, პროექტის რეალიზება ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებასთან ერთად ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის. 

„შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემის ხაზის პროექტი, ნამდვილად ისტორიული პროექტია და მას ხშირად ადარებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ იქნება მხოლოდ სატრანზიტო დანიშნულების და შესაძლებლობას მოგვცემს, მწვანე ენერგია შევთავაზოთ ევროპულ ბაზრებს, სადაც მოთხოვნა სუფთა ენერგიაზე სულ უფრო იზრდება.

შავის ზღვის წყალქვეშა გადამცემის ხაზის პროექტი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს გენერაციის ინვესტორებს, რომლებისთვისაც გამოწვევად რჩება წყალუხვობის პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი. საექსპორტო სეზონზე ჩვენი ჭარბი ენერგია ძირითადად თურქეთში გადის, მაგრამ თურქეთთან დამაკავშირებელ ტრანსასაზღვრო ხაზის გამტარუნარიანობის შეზღუდვის პირობებში მუდმივად არსებობს რისკი იმისა, რომ სრულად ვერ მოხდეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის ათვისება  და მოგვიწიოს წყლის დაღვრა.

ახალი პროექტის განხორციელების პირობებში კი, გარდა იმისა, რომ სერიოზულად გაიზრდება ქვეყნის ტრანსასაზღვრო გამტარუნარიანობა, გენერაციის ინვესტორებს პირდაპირი წვდომა ექნებათ ევროპულ ბაზრებზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

ამ პროექტის განხორციელებასთან ერთად ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას.

ბაზრის ახალი მოდელით ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს თამაშის ისეთ წესებს, რომელიც ჰარმონიზებულია ევროპულ კანონმდებლობასთან და ეს გაამარტივებს ევროპულ ბაზრებთან ვაჭრობას, სთავაზობს სავაჭრო პლატფორმას, რომლის ოპერირების მომსახურებასაც ჩვენ ნორვეგიული კომპანია „ნორდ პული“-საგან ვიღებთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სთავაზობს ფიზიკურ კავშირს ევროპასთან, რაც ბუნებრივად გაგვხდის ევროპის ენერგეტიკული ბაზრის ნაწილად.

ხშირად ვხუმრობ, რომ ქართული ენერგეტიკა ყველაზე ადრე შევა ევროკავშირში, თუმცა, თუ სერიოზულად შევხედავთ ამ საკითხს, ენერგეტიკის უსაფრთხო და სწორი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში ნამდვილად გახდება ქვეყნის ევროკავშირში შესვლის მნიშვნელოვანი წინაპირობა“, - აცხადებს ირინა მილორავა. 

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი - ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ.

წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები