დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირების პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან - ლევან დავითაშვილი

ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირების პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან - ლევან დავითაშვილი

29-05-2023 20:08:57

„ევროკავშირის ელჩებთან ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილულ იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია - აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და მისი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ამაზე ღია საუბარი გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, რომ ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, გაიმართა ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის დღეს აქტუალურია.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მოსაზრება საქართველოში რუსეთიდან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. თუმცა ჩვენ ზოგადად არსებული გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ვიმსჯელეთ. ასევე შევეხეთ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულებისა და შესრულების საკითხებს, მათ შორის იმას, რომ ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირების პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან. დღეს ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსზე, სადაც მკაცრად ხდება საბაჟო კონტროლი.

ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სანდო, საიმედო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციების აღსრულების ნაწილში, თუმცა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ახალი სამი დაკავშირების პუნქტი გვემატება. აქ, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არსებობს მზაობა, ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ისევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ.

ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ დღეს არ არის ცალსახა პოზიცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორი პროგნოზი იქნება მომავალში სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ზოგიერთი ქვეყანა უფრო მეტად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან ომის დაწყების შემდეგ. 2022 წელს რუსეთის ფედერაციასთან ევროკავშირის ვაჭრობა 5 მლრდ ევროთი გაიზარდა, ზოგიერთი ქვეყნის ვაჭრობა კი გასამმაგებულია. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებთან გვქონდეს მკაფიო, ღია და გულწრფელი დიალოგი თითოეულ საკითხზე და ეს, ვფიქრობ, სწორად არის შეფასებული და დაფასებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან. ჯერ ერთი, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი. ჩვენ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ადეკვატურად დაფასდება. მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს მდგომარეობა სპეციფიურია - ეს იქნება უსაფრთხოების, თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები