ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ჩირიფრუტი ChiriFruit-მა GITA-ს ციფრული ტრანსფორმაციის გრანტი მოიპოვა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს გრანტი არის დიდი შრომის დაფასება და უდიდესი მხარდაჭერა იმისთვის, რომ „ჩირიფრუტმა“ დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელოს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განაცხადა, აღნიშნული გრანტის ფარგლებში, რომელიც 25 ათას ლარს შეადგენს, საწარმოში ახალი მიდგომების დანერგვა მოხდება, რათა საწარმოო პროცესი წარიმართოს სწორად, აღრიცხვა გამარტივდეს, რაც მენეჯმენტს ბიზნეს ანალიზში დაეხმარება.
„ნოვაციის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და შემდგომ მისი სწორად გამოყენება არის ჩვენი პრიორიტეტი. საუბარია 25 ათას ლარიან გრანტზე, რომლის ათვისებაც 3 თვის ვადაში უნდა მოხდეს. პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მოხდება გეგმის შემუშავება და ამის გეგმის მიხედვით 3 თვის მანძილზე გაწერილი იქნება გეგმა“, - აცხადებს სოფო ჯიქია.
რაც შეეხება წარმოების გაფართოებას და ექსპორტს, ეს დამოკიდებულია ახალი საწარმოს მოწყობაზე, რომლისთვისაც შენობა კომპანიამ ნატახტარში შეიძინა და ახლა მისი დასრულებისთვის ფინანსურ რესურსებს ეძებს.
„GITA-ს გრანტი, რომელიც თანამედროვე სისტემების დანერგვას გულისხმობს რა თქმა უნდა დაგვეხმარება ექსპორტზე გასვლაში. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
ამ დროისათვის კომპანია 80-მდე დასახელების ტკბილეულს აწარმოებს და ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. ჩირიფრუტის პროდუქცია აქტიურად იყიდება თბილისის მოლებში მდებარე „ჩირიფრუტის“ კუნძულებზე და ასევე აეროპორტების Duty Free-ში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ განავითარებენ საექსპორტო მიმართულებას. საწარმოს გახსნისთვის კი კომპანიას დაახლოებით 0,5 მლნ ლარი ესაჭიროება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის რემონტი და ტექნიკური გადაიარაღება. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, „ჩირიფრუტის“ წარმადობა ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ 5-ჯერ გაიზრდება.
ამ დროისთვის კომპანია წელიწადში 30 ტონა ტკბილეულს აწარმოებს.
„ჩირიფრუტი“ ქართული ტკბილეულის კომპანიაა, რომელიც 2014 წელს სამმა დამ დააარსა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი, შოკოლადის ბურთულები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი