საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას 20 მარტს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ერევანში გამართავს.
ჩვენი გუნდი სომხეთის დედაქალაქში 19 მარტს ჩავიდა და თამაშის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა, რომელიც ხვალინდელ შეხვედრაში ნაკრების კაპიტანი იქნება. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ.
ბოლო წლებში ძირითადად ერთი ტაქტიკით ვთამაშობდით, რამაც დიდ წარმატებამდე მიგვიყვანა, თუმცა ფეხბურთი წინ მიდის და მუდმივად ცვლილებებს მოითხოვს. ყოველთვის სიახლეა საჭირო. ასე რომ, უახლოეს მომავალში გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე რთულია იგივე სტილით ითამაშო, რადგან განსაკუთრებული ფეხბურთელია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, ჩემთვის მთავარია როგორ გამოიყურება მთლიანი გუნდი. როგორ თამაშობს ბურთით და ბურთის გარეშე. სწორედ ეს არის მთავარი და არა მოთამაშეთა სახელები. შესაძლოა, ოქტომბერსა და ნოემბერში გვაკლდა ჩვენი გუნდური სულისკვეთება და დისციპლინა, რაც ახლა უნდა გამოვასწოროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მატჩის სასტარტო წუთები იქნება, რადგან ბოლო მატჩებში სწორედ ამ პერიოდში არ ვიყავით სათანადო დონეზე.
ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებიდან მოყოლებული ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გასვლით მატჩებში განსაკუთრებულად იგრძნობა. მაგალითად ბულგარეთში, გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ადგილობრივი გულშემატკივრები და ეს საოცარი მხარდაჭერა იყო. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მათი მხარდაჭერა გვჭირდება უკეთ სათამაშოდ. ისინი ჩვენგან ყოველთვის მეტს ითხოვენ და იმსახურებენ ამას. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ და ისევ ისე ვიგრძნობთ მათ მხარდაჭერას, როგორც ეს ხშირად ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში".
ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "სომხეთის ნაკრები თავს გუნდურად დაიცავს და ეცდებიან სწრაფი კონტრშეტევებით შემოგვიტიონ. თუმცა, სახლში თამაშობენ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ და, შესაძლოა, განსხვავებული სტილითაც ითამაშონ. ამიტომ, ჩვენ თავზე ვკონცენტრირდებით. ვცდილობთ მაქსიმალურად მოვემზადოთ და ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი.
კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. კლუბშიც ხშირად ვყოფილვარ კაპიტანი, მაგრამ სანაკრებო დონეზე ეს განსაკუთრებული მომენტია და მეტად საპასუხისმგებლოა. ამისთვის მზად ვარ და მადლობა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის. იმედია წარმატებული აღმოჩნდება ჩემი პირველი თამაში კაპიტნის რანგში. რთულია შეცვალო ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამ კაშიაა, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო ამისთვის".
სომხეთი - საქართველოს მატჩი 20 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
უახლესი