სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნის რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი დადებითად აფასებს. ოთარ ნადარაია ამბობს, რომ გარკვეულ კატეგორიაზე მაღალი რისკის გამოყენება და არათანაბარი მიდგომა უკვე შესაცვლელი იყო.
„თუ აქამდე უფრო მკაცრი მოთხოვნა იყო მიგრანტების, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ახლა ეს მიდგომა უფრო გათანაბრდა და ის ისეთივეა, როგორც სხვა არარეზიდენტებისადმი არსებული მიდგომა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ლოგიკური გადაწყვეტილებაა იმ გაგებით, რომ სხვა არარეზიდენტებიც რისკია და ესენიც რისკი იყო, მაგრამ როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული ეს რისკები იმართება კომერციული ბანკების მიერ. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ყველა არა, მაგრამ ბევრი მიგრანტი, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით აპირებს საქართველოში დარჩენას. ანუ ძირითადი ტენდენციაა, რომ მიგრაციის ეფექტი მცირდება, მაგრამ ბევრი, მათ შორის ეთნიკურად ქართველებიც აპირებენ საქართველოში დიდი ხნით დარჩეს, ბინები შეიძინეს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ამიტომ ყველას მიმართ მაღალი რისკის გამოყენება უკვე შესაცვლელი იყო და ძალიან მართებულია სებ-ის გადაწყვეტილება“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებს უფრო მოქნილი საქმიანობის საშუალებას აძლევს,
„ეს უფრო მოქნილს გახდის კომერციული ბანკებისთვის საერთო ჩარჩოს იმ გაგებით, რომ სადაც ნაკლები რისკია მაგალითად ის მიგრანტი, რომელსაც უკვე მიენიჭა რეზიდენტის სტატუსი დიდი ხანია საქართველოშია და აქ აპირებს დარჩენას, მის დეპოზიტს მიენიჭება ნაკლები რისკის კატეგორია. სებ-ი თავის განცხადებაში თავადაც აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ბანკებს ექნებათ მეტი მოქნილობა და ეს რისკი შეაფასონ ისე როგორც ეს სხვა რეზიდენტების შემთხვევაში ხდებოდა და ის მიგრანტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აპირებენ დარჩენას მათ მიანიჭონ შედარებით ნაკლები რისკის კატეგორია“- აღნიშნავს ნადარაია.
მისივე აზრით სებ-ის გადაწყვეტილება საკმაოდ მართებული და დროული იყო, როდესაც პირველი ტალღის დროს ეს კატეგორია გამოიყო. „მაგრამ გავიდა გარკვეული პერიოდი და არარეზიდენტების კატეგორიის გაერთიანება, იმ დათქმით რომელიც სებ-ს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკები დამატებით მოახდენენ რისკის დიფერენცირებას, რა თქმა უნდა მართებული გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნავს ოთარ ნადარაია.
უახლესი