დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბანკთაშორის გადარიცხვებზე საკომისიოს არ უნდა ვიხდიდეთ - ფინტექ ასოციაცია

ბანკთაშორის გადარიცხვებზე საკომისიოს არ უნდა ვიხდიდეთ - ფინტექ ასოციაცია

04-10-2023 15:00:55

ბანკთაშორის გადარიცხვებზე საკომისიოებს არ უნდა ვიხდიდეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით კიკვიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს შესაბამისი რესურსი და სისტემა რომელსაც ეროვნული ბანკი მართავს, რომელზეც ყველა ფინანსური ინსტიტუტია დაერთებული.

„ეს რეალურად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბანკთაშორის გადარიცხვები განხორციელდეს ისე, რომ ბანკებს კომერციული დანახარჯები არ ჰქონდეთ. საჭიროა ამ სისტემის ტექნიკურად გამართვა“, - აღნიშნავს კიკვიძე.

მისივე თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ამოქმედდეს მყისიერი გადახდების სისტემა, რადგან ახლა ბანკთაშორის გადარიცხვები მყისიერად არ აისახება და მომხმარებელს საკომისიოს გადახდა უწევს.

„რაც შეეხება ანგარიშების მართვას ან სხვა სერვისს, რომელსაც ბანკები სთავაზობენ მომხმარებელს, ამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მომსახურების საკომისიო, რადგან ეს არის კომერციული ბანკების ჩვეულებრივ აპრობირებული ბიზნესი. თავისთავად, კომერციული ბანკების ემპირიული დანიშნულება იყო საკრედიტო მიმართულება. თუმცა განვითარებასთან ერთად კომერციულმა ბანკებმა დანერგეს დამატებითი სერვისები და შესაბამისად საკომისიოს სახით გარკვეული შემოსავალი უნდა მიიღონ“, - ამბობს კიკვიძე.

ამასთან, მაღალია თუ არა ეს საკომისიო, ამ საკითხზე მისი თქმით მთავარი როლი ეროვნულ ბანკს ეკისრება, რომელიც კომერციული ბანკების რეგულატორია. „სებ-ის ფუნქცია ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ უნდა გაუწიოს მონიტორინგი კომერციულ ბანკებს, რათა არარეალური და არამიზნობრივი საკომისიო არ დაადონ საკუთარ მომსახურებას“, - ამბობს კიკვაძე.

ეროვნულმა ბანკმა მყისიერი გადახდების სისტემის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი 2023 წლის თებერვალში გამოაცხადა. ამასთან, მყისიერი გადახდების სისტემა, ელექტრონული საცალო გადახდის გადაწყვეტაა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე. გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი.

Business Insider Georgia-ს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვაზე შემოსული წინადადებების განხილვის ეტაპი მიმდინარეობს. რაც შეეხება საკომისიოებს, 2023 წლის თებერვლიდან ბანკთაშორის და საბიუჯეტო გადარიცხვებზე მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვარი დაწესდა. უფრო ზუსტად, განისაზღვრა მომხმარებლებისთვის დასადგენი მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვრები მომხმარებლის ტიპის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) და თანხის სიდიდიდან გამომდინარე იმ გადარიცხვებისთვის, რომლებიც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის საშუალებით ხორციელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები