“აჯიკაია“ სახელით აჯიკები ბაზარზე 1 წელია რაც გამოჩნდა და ადგილობრივი ბაზრის გარდა, უკვე საზღვარგარეთაც აქტიურად იყიდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას „აჯიკაიას“ მფლობელმა მარიამ გერგედავამ განაცხადა, „აჯიკაიას“ აჯიკები იმდენად მოთხოვნადია, რომ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი ემიგრანტებს უკავიათ. ამ დროისათვის „აჯიკაია“ სამი სახეობის აჯიკას აერთიანებს, ესენია: წითელი, მწვანე და ნიგვზიანი.
„აჯიკების გაყიდვები დავიწყეთ სოციალური ქსელების საშუალებით, ყოველგვარი რეკლამის გარეშე და დღემდე ასე მოვდივართ. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ დღეში ათობით და ასობითაც კი მომხმარებელი გვყავს.
ჩვენი შეკვეთებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის ემიგრანტებზე. გვიკვეთავენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან, სადაც კი საქართველოს ფოსტას ხელი მიუწვდება.
თითოეულ აჭიკას არავინ არ ყიდულობს, მაინც სამივეს ერთად ყიდულობენ. თუმცა თუ კი ვინმე მხოლოდ ერთ აჯიკას ყიდულობს ეს არის ნიგვზიანი აჯიკა.
როდესაც საქმის დაწყება გადავწყვიტეთ მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით სახელზე და უცებ დაიბადა სახელი „აჯიკაია“, რაც ხელს უსვამს პროდუქტის სახელსაც და ასევე იმასაც, რომ ეს პროდუქტი „კაია““, - აღნიშნა მარიამ გერგედავამ.
მისივე თქმით, „აჯიკაია“ რამდენიმე კვირაში გაფართოვდება და მის წარმოებაზე უკვე რამდენიმე იზრუნებს.
„გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ და ამისათვის იურიდიულ მხარესაც ვაწესრიგებთ, რადგანაც ფიზიკურად შეუძლებელია იმ რაოდენობის აჯიკის დამზადება სახლის პირობებში, რაზეც მოთხოვნაა. ძალიან მალე, სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში ჩვენი პატარა წარმოება გვექნება, სადაც უკვე გვეყოლება დაქირავებული თანამშრომლები. ეს კი როგორც წარმოების ისე რეალიზაციის ზრდის საშუალებას მოგვცემს. ვფიქრობთ ასევე, რომ ჩვენი აჯიკები უკვე საცალო ქსელში, ქსელურ მარკეტებშიც შევიტანოთ“, - აცხადებებს ბრენდ „აჯიკაიას“ მფლობელი.
მარიამ გერგედავა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს თუ როდის გამოჩნდება „აჯიკაია“ მარკეტებში, რადგანაც ამისათვის ჯერ გრძელი გზაა გასავლელი.
„ზუსტ დროს ვერ გეტყვით, რადგანაც მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ და ქსელურ მარკეტებთან პირობებზე შევთანხმდეთ. ამიტომ არ ვიცი რამდენ დროს წაიღებს ეს მიმართულება, ან ქსელების მხრიდან რა მოცულობებზე იქნება მოთხოვნა და ასე შემდეგ“, - დასძენს გერგედავა.
მისივე თქმით, „აჯიკაია“ სამომავლოდ შესაძლოა, საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესად იქცეს.
აღსანიშნავია, რომ „აჯიკაიას“ აჯიკები მზადდება სპეციალური რეცეპტით.
„ჩვენი აჯიკა მომხმარებელმა იმიტომ უნდა იყიდის, რომ ის დამზადებულია ხელით. ის კეთდება იმ რეცეპტით, რომელიც ჩვენ თავად დავწერეთ, ანუ საფირმო რეცეპტია. აჯიკა ყველამ იცის, მაგრამ გააჩნია როგორ კეთდება“, - განაცხადა მარიამ გერგედავამ.
უახლესი
2 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა3 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა