2025 წლისათვის ქვეყანა 7,619,140 საერთაშორისო ვიზიტორზე აკეთებს გათვლას. როგორც „რეფორმეტრის“ მიერ მომზადებულ „ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებითი ანგარიშშია“ აღნიშნული, საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისათვის, ქვეყნის მიზანია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებელმა 5.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს.
„ტურიზმის სექტორის განვითარების ერთ-ერთ ძირითად ინდიკატორს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების დინამიკა წარმოადგენს. 2020 წელს, პანდემიის შედეგად, ტურისტული ნაკადების 80%-იანი კლება ფიქსირდება. წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით დადებითია 2021-2022 წლების დინამიკა. 2022 წლისათვის, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 60%-ს მიაღწია. საქართველოს ტურიზმის სტრატეგიით, 2025 წლისათვის, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების სამიზნე მაჩვენებელი 7,619,140 შეადგენს.
პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ტურიზმის სექტორის განვითარების კიდევ ერთ ინდიკატორს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს შემოსავლების 83%-იანი კლების შემდეგ, 2022 წლისათვის შემოსავალმა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია, რომ რუსეთუკრაინის ომის შედეგად საქართველოში ჩამოსული მიგრანტები, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან უფრო ხანგრძლივი დროით რჩებიან, რაც შესაბამისად აისახება მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ასეთ მკვეთრ ზრდაზე. საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისათვის, ქვეყნის მიზანია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებელმა 5.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს“, - აღნიშნულია „რეფორმეტრის“ ანგარიშში.
უახლესი