დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის II კვარტალში  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა 10.3%-ია

2024 წლის II კვარტალში  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა 10.3%-ია

09-09-2024 11:11:00

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

2024 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია. რეინვესტიციამ - 451.3 მლნ. აშშ დოლარი და მისი წილი 78.6 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის მეორე კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე მალტა - 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს. 

2024 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7 პროცენტი შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები