დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელი აქტიურად დაიწყო, შეკვეთების რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი - „შრე სტუდიო“

2024 წელი აქტიურად დაიწყო, შეკვეთების რაოდენობა 50%-ით არის გაზრდილი - „შრე სტუდიო“

29-08-2024 18:00:00

2023 წლის ანალოგიური პერიოდი რომ შევადაროთ, 2024 წლის 6 თვეს, დაახლოებით 50%-ითაა გაზრდილი შეკვეთების რაოდენობა. გასულ წელს უფრო პასიური იყო დაკვეთები და შენელებული მიმდინარე პროექტები. დღეს ბაზარი ბევრად აქტიურია. გვაქვს დიდი პროექტები და „მიძინებული პროექტებიც“ გამოცოცხლდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „შრე სტუდიოს“ თანადამფუძნებელმა ცოტნე მაზმანიშვილმა განუცხადა.  

„SHRE Studio“-ს ერთ-ერთი პირველი პროექტი „სკა ჯუს ბარის“ პირველი ობიექტი იყო ყაზბეგზე. ჩვენი მეგობრები ზუსტად მაშინ იწყებდნენ “სკა ჯუს ბარს” და დაემთხვა ჩვენს წამოწყებასაც. დღესდღეობით გაქვს „SHRE Construction“-ი, რომელიც სამშენებლო მიმართულებით ოპერირებს, ასევე, „SHRE Pools“-ი, რომელიც აუზის მშენებლობასა და მოწყობას უზრუნველყოფს“ - ამბობს ცოტნე მაზმანიშვილი.

 „შრე სტუდიო“ 2019 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე.

„საქმიანობა დავიწყეთ ინტერიერის დიზაინით, ასევე გვაქვს სარემონტო მომსახურება. ბოლო ორი წელია აქტიურად ვართ სამშენებლო სექტორში. ვაშენებთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. უკვე მეორე 10-სართულიან სახლს ვაშენებთ დიღომში, ხოლო კრწანისში 7-სართულიანის სახლის მშენებლობა უკვე დავასრულეთ.

ეს პროექტები „შრე კონსტრაქშენის“ სახელით ხორციელდება, თუმცა „შრე სტუდიო“ მონაწილეობს უშუალოდ პროექტირების, ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურული სერვისის ნაწილში. ასევე სრულ სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს, ავეჯის წარმოებისა და მონტაჟის ჩათვლით“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„შრე სტუდიოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მათი კომპანიის მაგალითზე ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება. 

„ვისთანაც ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობდით, ამ დამკვეთების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა, რომ აგვეშენებინა კიდეც. დამკვეთმა გვიბიძგა, რომ სამშენებლო სექტორშიც გადავსულიყავით. თავიდან რა თქმა უნდა კონსულტანტების ჩართულობით დავიწყეთ, თუმცა ახლა უკვე დამოუკიდებლად ვაწარმოებთ სამშენებლო პროცესს“.

„შრე სტუდიოს“ სერვისის მომხმარებლების 80% საქართველოს მოქალაქეები და 20% უცხოელები არიან. 

„აქტივობაა დუბაიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. ფინანსურად მომგებიანია საცალო, ანუ ინდივიდუალური პროექტები. პორტფელიოს კუთხით, კომერციული პროექტები გვაძლევს საშუალებას, რამე უფრო საინტერესო და გამორჩეული გავაკეთოთ, თუმცა ფინანსურად ნაკლებადაა მომგებიანი. ფაქტობრივად კომერციულ პროექტებს მეტი რესურსი სჭირდება. ჩვენი კომპანიის პორტფელისთვის მრავალფეროვნებისთვის ვაკეთებთ ამ პროექტებს და ფასდათმობაზეც გვიწევს წასვლა. რაც შეეხება ინდივიდუალურ პროექტებს, უფრო სწრაფად ხორციელდება და ფინანსურადაც უფრო მომგებიანია“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„შრე სტუდიო“ პროექტებს თბილისის გარდა რეგიონებშიც ახორციელებს. ამ დროისათვის „შრე სტუდიო“ და „შრე კონსტრაქშენი“ 40 ადამიანს ასაქმებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები