2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უკვე პარლამენტშია. როგორც ბიუჯეტის განმარტებითი ბარათიდან ხდება ცნობილი წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ კონსერვატიულად იგეგმება და ჯამში 2023 წელს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა.
შესაბამისად, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და ამავდროულად შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები.
განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით:
2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება და განისაზღვრება 6,5%- ის ოდენობით; მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და განისაზღვრება 3,1%-ის ოდენობით; ასევე შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2,6%-ს შეადgენს;
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 78,8 მლრდ ლარის ოდენობით; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 19,4 მლრდ ლარის ოდენობით.
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ პარამეტრებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, რომ:
დეფიციტი - 2023 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო შეადგენს 2 346,9 მლნ ლარს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 3%-ია. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს 2 200,0 მლნ ლარს, რაც მშპ-ს 2,8%-ია.
2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი საქართველოს მთავრობის ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა მშპ-ის 38,4%-ია, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით), საორიენტაციო შეფასებით მშპ-ის 0.5%-ია და ჯამში შეადგენს მშპ-ს 38,9%-ს.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი იზრდება 835,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 640,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 520,0 მლნ ლარით და 19 410,0 მლნ ლარს შეადგენს. გადასახადების გაზრდილი მაჩვენებლიდან 420,0 მლნ ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 100,0 მლნ ლარი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში;
გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 2 230 მლნ ლარს (იზრდება 315,0 მლნ ლარით);
არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) მაჩვენებელი უცვლელია და 350,0 მლნ ლარს შეადგენს;
ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) 420,0 მლნ ლარს შეადგენს;
ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი მცირდება 363,0 მლნ ლარით და 3 281,4 მლნ ლარს შეადგენს; ზემოაღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 25 691,4 მლნ ლარს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა