2023 წელს 20%-იანი ზრდა გვქონდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა ოქროპირიძემ განაცხადა. ნინა ოქროპირიძის განმარტებით, „გორგიას“ მაგალითზე მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა ყველა მიმართულებით.
„თუმცა, განსაკუთრებით გამოვყოფდით საყოფაცხოვრებო კატეგორიისა და ტექნიკის სექციის რეკორდულ ზრდას. „გორგია“ ყოველთვის იყო სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი და ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერი რჩება, თუმცა, დღესდღეობით „გორგიაში“ ყველაფერია, რაც შეიძლება სახლისთვის დაგჭირდეს: დაწყებული სამშენებლო-სარემონტო მასალებიდან“, - აღნიშნა Business Insider Georgia-ს „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა. მისივე თქმით, „გორგიას“ ფუნდამენტური ღირებულება მუდმივი განვითარებაა.
„გასულ წლებში ფილიალი გავხსენით რუსთავში, მარნეულის ფილიალი კი გავაფართოვეთ. მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე 2023 წლის ბოლოს ჰიპერმარკეტი გორშიც გავხსენით, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ შევქმენით ახალ სამუშაო ადგილებიც, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წლებში გაიხსნა „თელავი მოლი“-პირველი მოლი თელავში, რომელიც 16 ბრენდს აერთიანებს.
საქართველოში გაფართოების გარდა, 2023 წელს „გორგია“ ბულგარეთშიც გამოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი“, - აცხადებს ნინა ოქროპირიძე.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება