დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელი ტურიზმისთვის უკეთესი იქნება, ხელისუფლება და კერძო სექტორი მეტად აქტიური იყო  - მაია მახათაძე

2023 წელი ტურიზმისთვის უკეთესი იქნება, ხელისუფლება და კერძო სექტორი მეტად აქტიური იყო - მაია მახათაძე

14-04-2023 09:00:53

კერძო სექტორი ტურიზმის აღდგენის დინამიკით კმაყოფილია და 2023 წელს უკეთეს შედეგებს ელის.

როგორც Business Insider Georgia-თან კომპანია „რადარის“ დამფუძნებელმა მაია მახათაძემ განაცხადა, კერძო და სახელმწიფო სექტორის საინტერესო აქტივობები დადებით შედეგს მალე მოიტანს.

„2023 წლის იანვარ-მარტში მაჩვენებელმა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს რომ გადააჭარბა ეს ისედაც ბუნებრივია. ყველაზე მნიშვნელოვანი 2019 წელთან შედარებაა, რადგან ტურიზმი ამ პერიოდში აქტიურ ფაზაში იყო და სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სექტორში 74.7%-იანი აღდგენაა. 2023 წელს უკეთეს შედეგებს ველით, რადგან ბევრი აქტივობა გატარდა როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის სახელით. გარდა ამისა, მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობის მაჩვენებელი ბევრად გაუმჯობესდა“, - აცხადებს მაია მახათაძე.

მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე შეუძლია წარმოჩინდეს როგორც მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ასევე იმ დამატებითი მომხიბვლელობით როგორიცაა კულტურა და გასტრონომია.

„ქვეყანა იძენს და იღებს ისეთ საინტერესო მიმართულებებს როგორიცაა გასტრონომია, მისი ავთენტურობა, კულტურა. უკვე აქცენტი მხოლოდ იმაზე აღარ კეთდება ქვეყნის ლამაზ ბუნებაზე. მართალია ბუნებრივი რესურსები მნიშვნელოვანია, მაგრამ დამატებით როლს იძენს კულტურული მახასიათებლები და სხვადასხვა ტიპის ავთენტურობა.

ქართველებს უკეთ შეგვიძლია ჩვენი სიმდიდრის წარმოჩენა საერთაშორისო ბაზრებზე. ამის მაგალითი იყო ITB Berlin-ი, როგორ წარმოჩინდა იქ საქართველო, როგორი პრეზენტაცია იყო ქვეყნის სახელით. იქ საუბარი იყო მის უძველეს არქეოლოგიურ მონაცემებზე, ისტორიაზე და იმავე დროს საუბარი იყო კულტურასა და გასტრონომიაზე. ანუ საქართველოს წარმოჩენა შეუძლია არამხოლოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსების, არამედ იმ დამატებითი მომხიბვლელობის წყალობით, რომელსაც კერძო სექტორი, ქვეყანა და სახელმწიფო უწევს პოპულარიზაციას.

დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი რომ ქვეყანამ არ დაკარგოს კვალიფიციური სპეციალისტები და როგორმე უნდა შეჩერდეს ის გადინება რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022 წელს და გამონაკლისი არც 2023 წლის დასაწყისია. ამასთან უნდა ვიზრუნოთ ქვეყნიდან გასული, უკვე პროფესიონალებად ქცეული კადრების უკან დაბრუნებაზე, ეს საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს ძალიან სჭირდება.

ბიზნესგარემო ყოველდღიურად იცვლება. ინოვაციური სერვისები შემოდის აქტიურად. ასევე ეს ინოვაციური პლატფორმები ქვეყანაში აქტიურად ინერგება. ახლახან დავბრუნდი აშშ-დან და მინდა გითხრათ, რომ როგორც მოგზაურისთვის ბევრი სერვისი საქართველოში უფროა მობილურად ხელმისაწვდომია, ვიდრე ვთქვათ აშშ-ში. ამიტომ ამ ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ტურიზმის სექტორში“, - აცხადებს მაია მახათაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,208,462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით ზრდა +109.6%-ს შეადგენს. განსაკუთრებული ზრდაა საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ნაწილში.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +83.8%-ს შეადგენს. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები