2015 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი იყო გატანილი, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული ავტოპარკის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ „მძიმე და მასშტაბური სურათია“.
„სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტის მაჩვენებელი მასშტაბურია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან, თუ არ ვცდები, დღემდე, 700 000 კატალიზატორი იყო ქვეყნიდან გატანილი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, კატასტროფული მაჩვენებელია.
რეგისტრირებული ავტომობილები დაახლოებით, მილიონ ნახევარია, მაგრამ გზაზე, რა თქმა უნდა, ამდენი არ დადის, ნაკლებია. თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით, მილიონი დადის ჩვენ გზებზე, 700 000 კატალიზატორი ძალიან მძიმე სურათია. სწორედ ამიტომ, 2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულ ავტომობილებს მოეთხოვებათ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ კატალიზატორი. ტექინსპექტირების დროს ეს მოწმდება. მეორე მხრივ, აღვნიშნავ, რომ ეს არ უნდა იყოს ნათხოვარი კატალიზატორით გავლილი ტექინსპექტირება. სწორედ ამიტომ, გზაზე ინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს-პრემიერ მინისტრმა 12 ივნისს განცხადა, რომ მთავრობა გამოსცემს შესაბამის დადგენილებას, რის მიხედვითაც კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.
უახლესი