დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
1 ივლისს თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) გაიმართება

1 ივლისს თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) გაიმართება

30-06-2023 14:09:08

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით, 1 ივლისს თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) უკვე მეორედ გაიმართება.

კონფერენციაზე შეიკრიბებიან ლიდერი ქალები მთელი მსოფლიოდან, რათა კიდევ ერთხელ გააჟღერონ გზავნილი მშვიდობის, ერთგულებისა და კონფლიქტების წინააღმდეგ.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. 

მაღალი დონის პანელის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლა ბეარი, რომლებიც თბილისს საქართველოს პრეზიდენტის პირადი მოწვევით სტუმრობენ.

პანელის მეორე ნაწილში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი და დოქტორი რუთ მიჩელი.  

მთელი დღის განმავლობაში, კონფერენცია მოიცავს პანელებს, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ კონფლიქტების წინაშე მყოფი ქალებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: ქალი კორესპონდენტების თვალით დანახული კონფლიქტები, ქალების მიერ მოყოლილი ომის ისტორიები, კასპიისა და შავი ზღვის კავშირებადობა, ქალების როლი კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, განიხილება ქალების მმართველობითი როლი კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდებში.

კონფერენცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს უკრაინელი ხალხისა და განსაკუთრებით უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მესიჯს. მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, კონფერენციაზე ასევე ყურადღება გამახვილდება კავკასიის რეგიონზე, მის გამოწვევებსა და უსაფრთხოებაზე.

კონფერენციის დასკვნითი პანელი საქართველოს პრეზიდენტისა და მედიის შეხვედრას დაეთმობა, რომელსაც ქართველი და უცხოელი ჟურნალილსტები დაესწრებიან. 

საინაუგურაციო კონფერენცია, რომელიც ამ ტიპისა და დონის პირველი შეკრება იყო რეგიონში, გასული წლის 17 ივნისს ჩატარდა და მან გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები - პოლიტიკიდან, დიპლომატიიდან, კულტურიდან, ბიზნესიდან, სპორტიდან სამოქალაქო საზოგადოებიდან, მედიიდან და ასევე ქალები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს კონფლიქტის ტრაგედია.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორც სახელმწიფოებს შორის ასევე, საზოგადოებებში. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე მეორედ ამ ინიციატივის განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ოფისთან საქართველოში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები