ოპოზიციამ აღიარა, რომ დასავლეთის მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესება ვერ ხერხდება, ამიტომ გამოსავალს მთლიანად ქართველი ხალხის დაზიანებაში ხედავენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ამდენი ხანი ხომ იმუქრებიან, რომ თურმე მათ უნდათ რაღაც პერსონალური სანქციები და ახლა ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ბრძანდებოდა ბრიუსელში და ზუსტად გიორგი კანდელაკის მორალით ატალახებდა ბრიუსელის დერეფნებს, გაგვიმხილა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ვერ ხერხდებაო, მაგრამ ვნახეთ გამოსავალიო და გამოსავალი არის ის, რომ იქნებ მთლიანად ხალხი დავაზიანოთ და ვიზალიბერალიზაციაზე იქნებ რაიმე გავაკეთოთო. აი, ასეთი მორალის ხალხია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გიორგი კანდელაკი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები ბრიუსელის დერეფნებს ატალახებდნენ მოთხოვნით, რომ უვიზო რეჟიმი დაეწესებინათ საქართველოსთვის. პაპუაშვილის თქმით, ეს ადრე ცნობილი იყო, როგორც მოარული ამბავი, რომელიც საჯაროდ არავის დაუდასტურებია. ახლა კი, ნათლად ჩანს, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელია.
„ეს ხალხი არის გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ხალხი, რომელსაც არ აქვს სამშობლოს შეგრძნება. მათ ეს კუთვნილება - რა არის შენი სამშობლო, რა არის შენი ქვეყანა, რა არის შენი ერი, შენი ხალხი - ეს არ აქვთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დავინახეთ კიდევ ერთხელ, რომ ისინი რა დავალებებსაც იღებენ ზუსტად ისე მოქმედებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ვერ დამალა გაკვირვება იმის თაობაზე, თუ საერთოდ როგორ მიიღო ოპოზიციამ ერთი ხმა მაინც ამ ქვეყანაში და როგორ არ იწვიან მათივე მხარდამჭერები სირცხვილით, როდესაც ხედავენ, როგორ ცდილობენ ისინი სამშობლოს დაზიანებას.
„მათთვის ეს სამშობლო არ არის. ეს არის რაღაც ავანსცენა იმისთვის, რომ გამოვიდნენ, თავი მოიწონონ, აქეთ-იქით იარონ და ხელი ჩამოართვან ვიღაცებს და ფოტოები გადაიღონ ვიღაც უცხოელებთან ერთად. მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში, რასაც იღებენ მათივე მხარდამჭერებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
უახლესი