კომპანია Green Energy სამშენებლო კომპანიებთან და დეველოპერებთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს, რათა საცხოვრებელი სახლების სახურავებზე გაჩნდეს მზის პანელები და მოსახლეობამ უფასო ელექტროენერგია მიიღოს. როგორც „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა გადელიამ განაცხადა, დეველოპერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თავად დეველოპერები არიან დაინტერესებული საკუთარ პროექტები მზის პანელებით აღიჭურვოს.
„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ წამყვან დეველოპერებთან, ვინაიდან ეს ჯერჯერობითკონფიდენციალური ინფორმაციაა, მათ სახელებს ვერ დაგიკონკრეტებთ. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ შენობების სახურავებზე მზის სადგურები დამონტაჟდეს. მათ თავად აქვთ ამის დაინტერესება და ჩვენ რესურსის ჩადება ამაში არ გვიწევს.
დამატებით გეტყვით იმასაც, რომ შენდება ბევრი პატარა აპარტამენტები ბევრ რეგიონში, თითქმის ყველა არის დაინტერესებული დაამონტაჟონ მზის სადგურები. 2 სართულიანი სახლის შემთხვევაში ეს არის 5-8 კვტ-იანი მზის სადგური, რომელიც მათთვის სრულიად საკმარისია. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ნეტო აღრიცხვის სისტემაში და რაც იქნება ჭარბად გამომუშავებული ენერგია გაუშვან ქსელში, ან რაც დააკლდებათ მიიღონ ქსელიდან“, - აღნიშნა კომპანია Green Energy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა გადელიამ.
მისი თქმით, სხვადასხვა პროექტებში მზის პანელების მონტაჟი ყველა მხარისთვის სასარგებლოა, მაცხოვრებელს აქვს უფასო ენერგია, ხოლო დეველოპერს უადვილდება ასეთი ქონების რეალიზება.
„როდესაც თქვენ ბინას ან კერძო სახლს ყიდულობთ და დეველოპერი გეუბნება, რომ თუ თქვენ ჩემს სახლს შეიძენთ ელექტროენერგია გექნებათ უფასო, ამის სანაცვლოდ კი, კვადრატულზე შესაძლოა X დოლარის ფასნამატი გაგიკეთოს, ორივე მხარისთვის სარგებლიანია. თქვენ მთელი ცხოვრება გექნებათ უფასო ელექტროენერგია. ეს კი მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესო წინადადებაა. გარდა იმისა, რომ თქვენ ელექტროენერგიას უფასოდ იღებთ, თავად დეველოპერსაც უადვილდება ბინის გაყიდვა. მარკეტინგულ ნაწილშიც ეს თემა ძალიან აქტიურად ერთვება.
დამატებით ვგეგმავთ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრებს, რადგანაც მოგვმართავენ ძალიან ბევრი პატარა სასტუმროს მფლობელები ან უბრალოდ კერძო პირები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელთაც ხშირად აქვთ წყვეტები და ეთიშებათ ელექტროენერგია. მიუხედავად იმისა, რომ გრინ ენერჯი პატარა მზის სადგურებზე არ მუშაობს, ძალიან გვინდა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი უფრო მეტად გავაძლიეროთ და დავეხმაროთ ამ ადამიანებსაც, ჰქონდეთ უფასო ელექტროენერგია და გახდნენ ენერგოდამოუკიდებლები.
ნინა გადელია „ბიზნეს ინსაიდერთან“ განმარტავს, რომ Green Energy-ს 2023 წლიდანვე გეგმაში აქვს, გააძლეროს სამომხმარებლო მიმართულებაც, როგორც დეველოპერების ნაწილში(B2B პარტნიორობა) ისე კერძო ინდივიდებთან და მუნიციპალიტეტებთან.
,, ჩვენ მზად ვართ, ჩავდოთ უფრო მეტი რესურსი, რადგანაც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ვფიქრობთ, რომ ვალდებულებიც კი ვართ ეს გავაკეთოთ ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის. ‘’
დამატებით, ჩვენ გავაძლიერეთ საგანმანათლებლო მიმართულებაც. სკოლებსა და უნივერსიტეტებში ლექციებს ვატარებთ, რომელსაც ახალი სემესტრიდან (სექტემბრიდან) კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ამ ნაწილში, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიების მიმართულებით ცნობიერება ავამაღლოთ, ახალგაზრდებმა უფრო მეტი გაიგონ განახლებად ენერგიებზე და ამ დარგში დასაქმდნენ კიდეც. ძალიან დიდი სექტორია და ასათვისებელია“,- ამბობს ნინა გადელია.
Green Energy-ს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისათვის მზის პანელების ფასი საკმაოდ დაკლებულია.
„მზის პანელების ფასი ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკმაოდ დაკლებულია. ასეთი დაბალი ფასი, ბოლო 6 წლის განმავლობაში, რაც ეს დარგი საქართველოში ვითარდება, არასოდეს არ ყოფილა. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩინეთში და ზოგადად მსოფლიოში ტექნოლოგიები საკმაოდ სწრაფად ვითარდება.
კომპანია Green Energy-იმ აქტიური საქმიანობა დაიწყო 2017 წელს და დღეს უკვე არის ყველაზე მსხვილი კომპანია საქართველოში, რომელიც მზის ენერგეტიკის სექტორში ოპერირებს.
კომპანიის გამოცდილი გუნდი შედგება ენერგეტიკოსების, ინჟინრების, არქიტექტორ– კონსტრუქტორებისა და ინსტალატორებისგან
ქვეყნის მასშტაბით Green Energy-ის გუნდმა უკვე დააპროექტა და სრული სტანდარტების დაცვით დააინსტალირა 12 მეგავატამდე მზის ელექტროსადგური.
კომპანიის უმთავარესი მიზნებია, ქვეყანაში მზის ენერგეტიკის განვითარებით გაზარდოს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტურობა, დადებითი გავლენა იქონიოს ეკოლოგიაზე და წვლილი შეიტანოს ქვეყანაში “მწვანე ეკონომიკის” განვითარებაში.
უახლესი