დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკულ ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდების მრუდი გადაიკვეთა, ეს ძალიან კარგი სიგნალია სისტემისთვის | დავით ნარმანია ენერგობირჟაზე პირველ გარიგებაზე

ენერგეტიკულ ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდების მრუდი გადაიკვეთა, ეს ძალიან კარგი სიგნალია სისტემისთვის | დავით ნარმანია ენერგობირჟაზე პირველ გარიგებაზე

23-07-2024 17:59:00

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია Business Insider Georgia-სთან, ენერგეტიკულ ბირჟაზე განხორციელებულ პირველ გარიგებას აფასებს.

„დღეს შედგა პირველი საბირჟო გარიგება, სადაც მყიდველისა და გამყიდველის ფასები ერთმანეთს დაუახლოვდა. ბოლო დღეებში, ენერგეტიკულ ბირჟაზე გაიზარდა ენერგიის მფლობელი იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც შეთავაზებები გააკეთეს. მეორე მხარესაც რამდენიმე მყიდველი გამოჩნდა. შესაბამისად, ის გარიგება რომელსაც თვის ბოლოს ვვარაუდობდით, დღეს შედგა. დაფიქსირდა საბაზრო ფასი - 12,6 თეთრი. მანამდე 12 თეთრი იყო მყიდველების ფასი, რის გადასახდელადაც ენერგიის შესყიდვის მსურველები მზად იყვნენ, ხოლო გამყიდველებს სურდათ 14 თეთრად გაეყიდათ ენერგია.

აქედან გამომდინარე გარიგება ვერ შედგა. დღეს უკვე მხარეების ინტერესები დაუახლოვდა ერთმანეთს. ანუ მყიდველმა გამოთქვა მზაობა, რომ უფრო ძვირად ეყიდა ენერგია, ხოლო გამყიდველებმა ფასი დააკლეს. აქედან გამომდინარე შედგა ეს გარიგება და ენერგეტიკულ ბირჟაზე ერთ წერტილში მოთხოვნა - მიწოდების მრუდი გადაიკვეთა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობით რეჟიმში გაგრძელდება, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბირჟაზე მხარეებს შორის ვაჭრობა შედგეს.

„ეს ძალიან კარგი სიგნალია, შედეგად სისტემა მოემზადება, რომ შემდეგ სრულყოფილად გაიხსნას, როცა ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა სავალდებულო გახდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი სავაჭრო გარიგება შედგა. ჯამურად ნავაჭრი ელ. ენერგიის მოცულობა არის 1022 მგვტ.სთ, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე. ელექტროენერგიის შესყიდვა 2024 წლის 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის მოხდა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 6-ჯერ გადადების შემდეგ 1-ელ ივლისს ამოქმედდა, თუმცა, სავაჭრო შეთანხმება 23 ივლისამდე ვერ შედგა.

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზარს უკვე 13 მონაწილე ჰყავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები