დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დორტმუნდი, ჰამბურგი და გელზენკირხენი – სამოგზაურო რჩევები EURO 2024-ის წინ

დორტმუნდი, ჰამბურგი და გელზენკირხენი – სამოგზაურო რჩევები EURO 2024-ის წინ

16-06-2024 22:04:00

გიზიარებთ ბლოგს:  ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, მრავალწლიანი ლოდინი დასრულებულია – EURO 2024, რომელიც გერმანიის რამდენიმე ქალაქში გაიმართება, 14 ივნისს აიღებს სტარტს და ერთი თვის თავზე გამოავლენს კონტინენტის საუკეთესო გუნდს.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი გვეყოლება. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი განრიგი კი ასეთია:

საქართველო VS თურქეთი – 18 ივნისი, 20:00 საათი, ქალაქი დორტმუნდი;

საქართველო VS ჩეხეთი – 22 ივნისი, 17:00 საათი, ქალაქი ჰამბურგი;

საქართველო VS პორტუგალია – 26 ივნისი, 23:00 საათი, ქალაქი გელზენკირხენი.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 8 დღეში 3 შეხვედრას გამართავს 3 განსხვავებულ ქალაქში – თუკი შენც სურვილი გაქვს, ცოცხლად უგულშემატკივრო ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქებში, რამდენიმე მნიშვნელოვან სამოგზაურო და საგულშემატკივრო რჩევას მოგცემთ:

დორტმუნდი

ვესტფალიის მხარეში მდებარე ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედაც რომ ლეგენდარული სტადიონი სიგნალ იდუნა პარკი, იგივე ვეშტფალიეშტადიონია – 80 ათასზე მეტი ტევადობითა და ადგილობრივი კლუბის, დორტმუნდის ბორუსიას წარმოუდგენელი გულშემატკივრობით. დორტმუნდში პირველი შეხვედრა ჩვენს თამაშამდე სამი დღით ადრე – 15 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება (იტალია V ალბანეთი), ღირს ოდნავ უფრო ადრე ჩასვლა, თადარიგის დაჭერა და ასევე ძალიან საინტერესო მატჩზე დასწრებით საფეხბურთო ემოციების კიდევ უფრო გამძაფრება. დორტმუნდში ერთ სივრცეშია თავმოყრილი ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც საოცრად გამართულად მუშაობს.

ჰამბურგი

ჰამბურგი დორტმუნდთან შედარებით დიდი ქალაქია, გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქიც კია. ფოლკსპარკშტადიონი იქნება ჩვენი მეორე საოცნებო თამაშის მასპინძელი სივრცე – 60 ათასამდე ადამიანს იტევს, თუმცა არქიტექტურული მოწყობითა და ინფრასტრუქტურული გამართულობით ბრწყინვალე ატმოსფეროს ქმნის. გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ თამაშობდა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე ადგილობრივ კლუბში და იმედი გვაქვს, საუკეთესოდ დაბრუნდება დროებით თავის ყოფილ სახლში. თამაშიდან თამაშამდე პერიოდში ღირს ჰამბურგშიც ადრე ჩასვლა და რამდენიმე აუცილებელი ღირსშესანიშნაობის ნახვა: Kunsthalle – უდიდესი ხელოვნების მუზეუმი გერმანიაში; ჰამბურგის პორტი – „გერმანიის კარიბჭე მსოფლიოში”; წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და სხვა მრავალი.

გელზენკირხენი

გელზენკირხენი და მისი საფეხბურთო ისტორია ცნობილია ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან ორ ლევანს, კობიაშვილსა და ყენიას უთამაშიათ ადგილობრივ შალკეში – ქალაქიც კარგად იცნობს საქართველოს და ქართველებს, რადგან ორივე ფეხბურთელმა დიდი სახელი დატოვა კლუბში. დორტმუნდის მსგავსად, ეს ქალაქიც ვესტფალიის მხარეში მდებარეობს – ფელტინს არენა (იგივე აუფშალკე არენა) 60 ათასზე მეტი გულშემატკივრის ტევადობითა და დიდი საფეხბურთო ისტორიით ქალაქის მთავარ სოციალურ-კულტურულ ცენტრს ქმნის. გვაქვს უდიდესი იმედი, რომ ეს ქალაქი ჩვენი საფეხბურთო მოგზაურობის დასასრული არ იქნება და კვლავ გავაგრძელებთ, ამჯერად პლეი-ოფის სტადიაზე ჩვენს გზას.

5 სამოგზაურო რჩევა

1. ისწავლე ცოტა გერმანული – ნებისმიერ გერმანულ ქალაქში ვიზიტამდე კარგი იქნება, თუ სულ ცოტა გერმანულში წაივარჯიშებთ – საკომუნიკაციოდ მინიმალური ფრაზების ცოდნა („გამარჯობა“, „მადლობა“, „სად არის?“„რა ღირს?“, „გემრიელია“ და ა.შ.) ბევრად გაგიადვილებთ მოგზაურობას და ადგილობრივების გულსაც ადვილად მოიგებთ.

2. თან გქონდეს ნაღდი ფული – მართალია, ბარათით გადახდა უფრო მოსახერხებელია და თანაც, ფაქტობრივად, ყველგან არის შესაძლებელი, თუმცა გერმანიის ქალაქებში ჯერ კიდევ არსებობს მცირე საკვები ობიექტები, სადაც უგემრიელესი სასმელი და საჭმელი იყიდება, თუმცა იყიდება მხოლოდ ნაღდი ფულით.

3. დალიეთ წყალი – ეს რჩევა მხოლოდ მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელი არაა, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი გადატვირთული მოგზაურობისას. გერმანიის საზოგადოებრივ ფანტანებში გემრიელი და სუფთა წყალი მოდის – თან იქონიე მრავალჯერადი ბოთლი და ხშირად დალიე წყალი – მეტი ენერგია და ნაკლები ფიზიკური გამოფიტვა!

4. მოემზადე კვირა დღისთვის – კვირის ბოლო დღეს ყველა მაღაზია თუ სუპერმარკეტი დაკეტილია, ამიტომ წინასწარ შეიძინე შენთვის ყველა საჭირო პროდუქტი, მაგალითად, შაბათს. კვების ობიექტები და ღირსშესანიშნაობები კვირაობითაც მუშაობს.

5. დაბოლოს, ყველგან და ყოველთვის მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში გამოხატე შენი ემოცია ღიად – უგულშემატკივრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე ძლიერად! თითოეული ქალაქის თითოეული კუთხე საფეხბურთო ზეიმისთვისაა მომზადებული, აუცილებლად გამოიყენე ეს სივრცე და დროშებითა და მაისურებით შეიარაღებულმა გააგონე შენი ხმა ჩვენს ნაკრებს! სა-ქარ-თვე-ლო!

საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების პარტნიორია და არა მარტო – ყოველთვის და ყველგან მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები