ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ ყველა ის მიმართულება და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები და თანამშრომლობა ინვესტიციების დარგში, მათ შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში პოტენციური თანამშრომლობა.
მისივე თქმით, ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა და ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს განისაზღვრა, უშუალო სამუშაო კომისიის ფორმატში უნდა იყოს განხორციელებული.
„კომისიის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, ბატონ ვანგ ვენთაოსთან, რა დროსაც ვისაუბრეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით ახალი ეტაპის დაწყებაზე. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პოტენციური საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა შუა დერეფნის გაძლიერება, ინვესტიციები ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში, ინვესტიციები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება და სავაჭრო ბარიერების დაძლევა. რა თქმა უნდა, დავისახეთ კონკრეტული მიზნები იმისთვის რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა შეესაბამებოდეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.
აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ჩინელი ტურისტებისთვის ვიზის გაუქმება ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში და კოვიდპანდემიამდე არსებული ფრენების სიხშირის აღდგენას, ასევე ახალი, პირდაპირი ავიამიმართულებების დამატებას.
ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ყველაფერი გაზრდის ტურისტულ ნაკადებს და მეტ შემოსავალს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში.
უახლესი
39 წუთის წინ
Snacky ასორტიმენტს აფართოებს და გაყიდვებს ზრდის15 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა17 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა17 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს