შავ ზღვაზე არსებული მდგომარეობის გამო ბორჯომში დასვენებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. ამ დროისთვის ჯავშნების 70%-ი საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბუტიკ-სასტუმრო „ბორჯომი ვერდეს“ მფლობელმა ხატია მელიქიძემ განუცხადა.
ხატია მელიქიძემ განმარტა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ბორჯომში ტურისტების ძირითადი ნაკადი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოდის, რომელიც ყოველ წელს მზარდია. ასევე ტურისტები ჩამოდიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან. სამწუხაროდ ევროპიდან მოთხოვნა საკმაოდ დაბალია.
„უცხოეთიდან Booking-ის მეშვეობით ძირითადი ჯავშნები არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა გააკეთეს. ამ ეტაპზე მხოლოდ პირდაპირ ჯავშნებს ვიღებთ“, - განმარტავს სასტუმრო „ბორჯომი ვერდეს“ მფლობელი.
სასტუმრო "ბორჯომი ვერდში“ დღეის მდგომარეობით სხვადასხვა კატეგორიის 5 ნომერია -სტანდარტული, საოჯახო ტიპისა და ლუქსის ტიპის ორ ადგილიანი ნომრები.
თუმცა, როგორც მფლობელი ამბობს სასტუმრო ფართოვდება და მალე უფრო მეტი სტუმრის მიღებას შეძლებს. „სასტუმროს დაემატება წლის ბოლოს ერთი ლუქს ტიპის ნომერი.
„ჩვენი სასტუმროს ნომრები დღეს ბაზარზე არსებულ ხის კოტეჯებისგან სრულიად განსხვავებული ვიზუალითაა წარმოდგენილი. მზადდება ხელით, მუშავდება დაძველების ტექნიკით და ეს არის სწორედ მისი უნიკალურობა. ახალ ნომერს ექნება განსხვავებული ინტერიერი, ასევე როგორც მთის, ასევე ტყის ხედი.
გარდა ამისა აქამდე არ გვქონდა კვებით უზრუნველყოფა და აგვისტოს მეორე ნახევრიდან ჩვენს სერვისს საუზმე დაემატება. არ ვაპირებთ გაჩერებას და ყოველთვის ვზრუნავთ სტუმრებზე და მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს“, - აცხადებს სასტუმრო „ბორჯომი ვერდეს“ მეპატრონე.
ივლისსა და აგვისტოში სასტუმროში განთავსების ფასები 140-220 ლარის ფარგლებში (ნომრის კატეგორიიდან გამომდინარე) მერყეობს.
სასტუმროს მფლობელი აცხადებს, რომ ზოგადად ბორჯომში ივლისისა და აგვისტოს სეზონი ყველაზე მეტადაა დატვირთული.
„ადგილობრივი სტუმრების მოთხოვნაც მზარდია, თუმცა ძირითადად ხანგრძლივი პერიოდით შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტს ირჩევენ. აქტივობა წინა წელსაც და ახლაც მაღალია და პიკს ივლისის 10 რიცხვიდან მიაღწევს“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.
სასტუმრო „ბორჯომი ვერდეში“ აცხადებენ, რომ სასტუმროების დიფერენციაციის ხარისხი ბორჯომში ძალიან დაბალია, რადგან ობიექტები ტურისტებს განსხვავებულ სერვისებს არ სთავაზობენ.
„კონკურენცია დიდია შედარებით ბიუჯეტურ საოჯახო სასტუმროებზე, აპარტამენტებზე. მათი დიდი ნაწილი ძირითადად მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ფუნქციონირებს. ტურისტების მოზიდვის კუთხით ბორჯომში სხვადასხვა აქტივობები უნდა დაიგეგმოს. მაგალითად, სამზარეულოს მასტერკლასი, (რაც უცხოელ ვიზიტორებს ძალიან აინტერესებთ).
არ ფუნქციონირებს ბორჯომიდან-ბაკურიანისკენ სწრაფი მატარებელი, ე.წ „კუკუშკა“, რომლის გამოც ევროპიდან ბორჯომში სტუმარიც კი ჩამოვიდა, თუმცა ამ სერვისით ვერ ისარგებლა, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია. ვფიქრობთ, მატარებლის ფუნქციონირება აუცილებლად უნდა აღდგეს“, - აცხადებს „ბორჯომი ვერდეს“ მფლობელი.
უახლესი