დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

02-07-2023 02:20:03

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.

მეოთხედფინალში, ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, მეტოქემ 4:3 იმარჯვა.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდმა ოთხი მატჩი გამართა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა პორტუგალია დაამარცხა, რის შემდეგაც, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩები ფრედ დაასრულა. მიუხედავად მეოთხედფინალურ განცდილი მარცხისა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

რამაზ სვანაძე: "მიმძიმს საუბარი, მაგრამ რაც მოხდა, ფეხბურთის ნაწილია. ვთვლი, რომ ის ბიჭები, რომლებიც ახლა თვალცრემლიანები არიან გასახდელში, მეტს იმსახურებდნენ. ეს მოთამაშეები ქართული ფეხბურთის მომავალი არიან. მათი რწმენა და პროფესიონალიზმი იმედს მიტოვებს. მადლობა გადავუხადე ერთად განვლილი დღეებისთვის. ეს იყო დიდი ზეიმი, გამოწვევა, პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის. ბედნიერი ვარ და მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი.

ოცნებად გვაქვს ოლიმპიურ თამაშებზე თამაში, გვაქვს მცირე შანსი, თუმცა დამოკიდებულები ვართ სხვა შედეგებზე. იმედი მაქვს, მოგვეცემა ოცნების ახდენის შესაძლებლობა.

ვთვლი, რომ ღირსეული ფეხბურთი ვითამაშეთ. დღევანდელ თამაშში შეტევაში სითამამე დაგვაკლდა. იგრძნობოდა დაღლილობა. ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდათ ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს. მადლობა მთელ გუნდს თავდადებისთვის და სამწვრთნელო სტაფს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ეს ბოლო 5 წელი ერთი ოჯახი ვიყავით და ვმუშაობდით ჩვენი მიზნის მისაღწევად. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ თაობის და ამ ნაკრების იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ.

მთავარი, რაც ამ ბიჭებმა შექმნეს, ეს არის რწმენა, რომელიც გაჩნდა გულშემატკივარში. ნახევარფინალში გასვლა ძალიან გვსურდა. მაგრამ საერთო ჯამში, ვთვლი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დადებით შეფასებას იმსახურებს.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქვეყანას. წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით. მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს და მათ, ვინც ვერ ახერხებდა სტადიონზე მოსვლას. ვთვლი, რომ ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება ამ დღეებში სწორედ ის იყო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავახარეთ. ვეცდებით, მომავალშიც გავახაროთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრი ლამაზი წუთი გვქონდეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 

ოლიმპიადის საგზურის შესახებ: ზაფხულის ოლიმპიადის ევროპის ზონის პლეი-ოფში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იმ შემთხვევაში ითამაშებს თუ მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ინგლისის და საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდები მოხვდებიან. ამ პროცესის შესახებ, სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები