შოვში, სტიქიის ადგილზე გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი კვლევით სამუშაოებს აწარმოებს. კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა გასცენ პასუხი, ხომ არ იკვეთება სტიქიის განმეორების რისკი. როგორც შემთხვევის ადგილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა Business Insider Georgia- ს აცნობა, უახლოეს მომავალში მსგავსი საფრთხე გამორიცხულია.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მსგავსი სტიქიური მოვლენა დასავლეთ საქართველოში 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ არ მომხდარა. გეოლოგებისა და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებული ჯგუფი სტიქიის ადგილზე ვიკვლევთ და ვაფასებთ სიტუაციას, რათა დავრწმუნდეთ, განმეორების შანსი რამდენადა, დანამდვილებით ვამბობ, რომ პრაქტიკულად არ არის ეს რისკი. მოსახდენი მოხდა, უახლოეს მომავალში მსგავსი საფრთხე არ იკვეთება, არ ველოდებით. ჩვენი ინფორმაციით, 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მასა მოვიდა დინამიკაში, ეს საკმაოდ დიდი მასშტაბის სტიქიაა. სიტუაცია დასტაბილურდა, ახლა კვლევები მიმდინარეობს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 6 პირის ცხედარია ნაპოვნი. 200-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს და სხვადასხვა უსაფრთხო ტერიტორიაზე მოათავსეს.
უახლესი