9 თვიანი პაუზის შემდეგ Biletebi.ge-ზე კინოთეატრის ბილეთების გაყიდვა განახლდა.
როგორც Business Insider Georgia-ს Biletebi.ge-ს (შპს ელ.ბილეთები) თანადამფუძნებელმა და დირექტორმა დავით მიზანდარმა განუცხადა, Biletebi.ge კინოთეატრების ბილეთების რეალიზაციის ბაზარზე დაბრუნდა, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.
„კინოთეატრის ბილეთების რეალიზაცია 18 სექტემბრიდან განვაახლეთ. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კინოთეატრების ბილეთები Biletebi.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია. დაახლოებით 9 თვე ეს ფუნქცია გამორთული იყო. მთავარია ბაზარზე დავბრუნდით.
გარკვეული პერიოდი დასჭირდება იმას, რომ მომხმარებლებმა ჩვენი ვებგვერდიდან კინოთეატრების ბილეთების ყიდვა დაიწყონ“, - აღნიშნა მიზანდარმა.
იმისათვის, რომ Biletebi.ge-ზე კინოთეატრის რეალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდოს, დავით მიზანდარის თქმით, გასააქტიურებელია სოცმედია და ასევე მარკეტინგი.
რაც შეეხება მომსახურების საკომისიოს ოდენობის შემცირებას და ამ გზით მომხმარებლისთვის შედარებით დაბალი ტარიფის შეთავაზებას, Biletebi.ge-ს დირექტორი ამბობს, რომ „ხელშეკრულება არეგულირებს ამას კინოდისტრიბუციასთან და ბილეთის ფასი ყველგან ერთნაირი უნდა იყოს“.
Business Insider Georgia-ს კითხვაზე, კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვისას, რატომ გაკეთდა კომპანიის მხრიდან აქცენტი მხოლოდ კინოთეატრის ბილეთებზე და არა სხვა სახის, თუნდაც კონცერტის ბილეთებზე დავით მიზანდარი პასუხობს, რომ „კინო არის ერთადერთი შემომტანი, ლიცენზიას ვინც გასცემს ონლაინ გაყიდვებზე. კონცერტები ბევრნაირია და ხან ჩვენ ვყიდით ბილეთებს და ხან ჩვენი კონკურენტები, ხოლო კინო არის ერთი“.
რაც შეეხება კინოთეატრების ბილეთების რეალიზაციის წილს ბაზარზე, დავით მიზანდარის თქმით, თვეების უკან ამ მიმართულებით Biletebi.ge-ს და TKT.ge-ს წილი ერთნაირი იყო.
აღსანიშნავია, რომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა, რის შედეგადაც მოკვლევის დასრულებამდე, შეჩერდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც „თინეთი“ (TKT.ge) 2 წლის განმავლობაში კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ექსკლუზიურ უფლებას იღებდა.
კონკურენციის სააგენტომ თავად მოკვლევა კი Biletebi.ge-ს საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
"სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.
აღნიშნული პირობის მიხედვით, „სადისტრიბუციო კომპანია“ შპს „თინეთს“, 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით, და ამავდროულად, იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა.
შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „თინეთის“, სს „თიბისი ბანკის“ და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე“, - აღნიშნული იყო რამდენიმე კვირის უკან კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უახლესი