დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
100%-ით ვართ დატვირთული, იჯარა 10-15%-ით გაძვირდა - „თბილისი ცენტრალი“

100%-ით ვართ დატვირთული, იჯარა 10-15%-ით გაძვირდა - „თბილისი ცენტრალი“

08-12-2023 16:00:00

2023 წელს სავაჭრო ცენტრებში კომერციული ფართების იჯარის ფასები გაიზარდა. თბილისი ცენტრალი დღეს 100% არის დატვირთული და იჯარის ფასი დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იჯარის ფასის ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა.

„ერთი ის, რომ მოთხოვნა არის გაზრდილი, შესაბამისად ამ მიმართულებით სავაჭრო ცენტრებში ფართების ვაკანტურობა დაბალ ნიშნულზეა. რას შეეხება თბილისის ცენტრალის მაგალითს, ჩვენ შემთხვევაში გვქონდა 3-5 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებების ციკლი, რომელიც წელს იწურებოდა და შესაბამისად მოხდა გადაფასება ამ მიმართულებით პოზიციებისა და იჯარების კორექტირება. გამომდინარე იქიდან, რომ საცალო-სავაჭრო ქსელები საკმაოდ კარგად მუშაობენ, მათთვის იჯარის ფასის ზრდა ამ ეტაპზე მტკივნეული არ ყოფილა“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.

თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ 2010 წლის მაისში გაიხსნა.

ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა სს "თბილისი ცენტრალს" 49-წლიანი იჯარით 2006 წელს გადაეცა.

პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა. აქედან 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენილი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი.

იგივე თემაზე:

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები