კომპანია Royal Honey • სამეფო თაფლი ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ნიმუშები გაგზავნილია უკვე რამდენიმე ევროპულ და აზიურ ქვეყნებში. როგორც Business Insider Georgia-სთან „სამეფო თაფლის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი გომელაურმა განაცხადა, სულ ახლახან კომპანია წარმოდგენილი იყო ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე და „სამეფო თაფლის“ პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ირკვევა, რომ საერთაშორისო გამოფენაზე „სამეფო თაფლის“ გამოჩენა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც ლონდონის საერთაშორისო თაფლის ხარისხობრივ კონკურსში ოქრო აიღო.
„აქტიურად ვმუშაობთ, რომ ექსპორტზე გავიდეთ და რაც მთავარია ჩვენი პროდუქცია როგორც ქართველებს ასევე უცხოელებს ძალიან მოსწონთ,“ - განმარტავს გიორგი გომელაური.
„სამეფო თაფლი“ ადგილობრივ ბაზარზე დღეისათვის აქტიურადაა წარმოდგენილი. გიორგი გომელაურის თქმით, „სამეფო თაფლის“ პროდუქცია იყიდება იმ სუპერმარკეტების ქსელში, სადაც ხარისხიან პროდუქციას უპირატესობა ენიჭება. „სამეფო თაფლის“ პროდუქცია მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივების, ისე ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელების მხრიდან.
„სამეფო თაფლის“ პროდუქცია გარდა სუპერმარკეტებისა იყიდება Wolt-ზეც და თავად კომპანიის ვებგვერდის royalhoney.ge-ს მეშვეობითაც.
2024 წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „სამეფო თაფლის“ გაყიდვები დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი. კომპანიამ 2023 წელს 40 ტონამდე თაფლი აწარმოვა. „სამეფო თაფლი“ თაფლის გარდა გოზინაყს და თაფლის დისტილატსაც აწარმოებს, რაც კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალი პროდუქტია და ჯერჯერობით მისი ცნობადობა დაბალია.
გაყიდვების ზრდის პარალელურად „სამეფო თაფლი“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც მუშაობს და სულ ახლახან ბაზარს ველური მაყვლის მურაბა და ჟოლოს ჯემი შესთავაზა.
„საწარმო თავიდანვე ისეთი გეგმარებით აშენდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო წარმოების გაფართოება. ამიტომ ამ ფართის ათვისება მოვახდინეთ და ჯემებისა და მურაბების წარმოება დავიწყეთ. ამ დროისათვის საწარმო სრულადაა დატვირთული. ჯემებიც და მურაბებიც „სამეფო თაფლის“ ბრენდის ქვეშ იქნება წარმოებული. ველური მაყვლის მურაბა სიახლეა ქართული ბაზრისთვის. ანუ მაყვლის მურაბას კი აწარმოებენ, მაგრამ ველური მაყვლის მურაბას არა. მინდა გითხრათ, რომ ველური მაყვლის პროდუქცია ბევრად პრემიუმ ხარისხია.
ჩვენი წარმოება რაოდენობაზე ორიენტირებული არ არის. ჩვენ გათვლას ხარისხზე ვაკეთებთ. ვცდილობთ, რომ ყველა პროდუქტი გვქონდეს პრემიუმ ხარისხის.
მიმდინარე წელს 5-5 ტონა ჯემი და მურაბა ვაწარმოებთ“ - განმარტავს გიორგი გომელაური.
კომპანია „სამეფო თაფლი“ დაარსდა და მას გააჩნია საკუთარი, დიდი საფუტკრე მეურნეობა, თუმცა თაფლის მიღება ხდება ადგილობრივი ფერმერებისგანაც.
„ყოველწლიურად ფუტკარს ვამთაბარებთ 4-5 ლოკაციაზე, რომ მივიღოთ მრავალფეროვანი და 100% ნატურალური პროდუქტი. ფუტკარს მხოლოდ ბიო პრეპარატებით ვმკურნალობთ.
თაფლთან ერთად მალევე გამოვუშვით ენერგეტიკული საკვები, თხილეული თაფლში და ფიჭიანი თაფლი, რომლებიც ჩვენი ინოვაცია იყო ქართულ ბაზარზე და დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლების მხრიდან.
2022 წლიდან ასევე გამოვუშვით ტრადიციული გოზინაყი და თაფლის დისტილატი.
ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, გამორჩეულები ვიყოთ როგორც ხარისხით ასევე გემოთი, და შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ ეს უკვე შევძელით“, - აღნიშნულია „სამეფო თაფლის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
52 წუთის წინ
ქვეყანაში იახტების იმპორტი გაზრდილია2 საათის წინ
ავოკადოს იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი