ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ი, რომელიც ჩარტერულ ფრენებზე ორიენტირებული ავიაკომპანიაა, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე შეკვეთების ზრდას ივლისის პირველი ნახევრიდან ელოდება.
როგორც Business Insider Georgia-ს TCA Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა თამარ ქორთოშიძემ განუცხადა, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჩარტერულ ფრენებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
„ტენდენცია ამინდის დასტაბილურებასთან და ტემპერატურის მომატებასთან ერთად იზრდება. ყოველწლიურად საშუალოდ 35%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ პირველი კვარტლის შედეგებით ჯერ ცოტა ნაადრევია ზაფხულის სეზონის ზუსტი სტატისტიკის დადგენა“, - აცხადებს თაკო ქორთოშიძე.
TCA Airlines-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიის დამკვეთები არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქეები.
მისვე განმარტებით, TCA Airlines-ის მაგალითზე ქართველების და უცხოელების მიერ ჩარტერულ ფრენებზე მოთხოვნა 50/50-ზეა. TCA Airlines-ისთვის ივლის-აგვისტოში ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტებია: თუშეთი, აჭარა, კახეთი, ხევსურეთი, სვანეთი და ყაზბეგი.
„მოთხოვნა გაყოფილია თანაბრად უცხოელ ვიზიტორებსა და ქართულ მოსახლეობას შორის. ყველაზე პოპულარული მიმართულებები არის ის სადაც რთულია სხვა გზით მოხვედრა. მოთხოვნადი ძირითადად მთიანი რეგიონია, სადაც გამოვარჩევდი თუშეთს. ამ ზღაპრული ადგილის სანახავად ულევი მსურველი გვყავს ყოველ წელს“, - ამბობს თამარ ქორთოშიძე.
აღსანიშნავია, რომ TCA Airlines-ი გარდა შიდა ჩარტერული ფრენებისა, საერთაშორისო ჩარტერულ ფრენებსაც ასრულებს, რომელსაც ბიზნეს ჯეტით ემსახურება.
„ბიზნეს ჯეტზე მოთხოვნაც მზარდია. შედარებით ნაკლებია ვიდრე ვერტმფრენებზე, საუბარია დაახლოებით 27%-ზე. სამწუხაროდ საქართველოში ნაკლები დატვირთვა აქვს. ადგილობრივ მიმართულებებზე თბილისი ბათუმი არის ყველაზე პოპულარული მიმართულება. წლის განმავლობაში შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე ახლო აღმოსავლეთშია ძირითადი მოთხოვნა, ხოლო გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მეზობელ ქვეყნებიდან არის მოთხოვნა, როგორიცაა თურქეთი და საბერძნეთი“, - ამბობს ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის TCA Airlines-ი 2 ერთეული AIRBUS AS350B3-ით, 1 ერთეული AGUSTA A109K2-ით და 1 ერთეული BEECHCRAFT HAWKER 800XP-ით ოპერირებს.
უახლესი