დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფხულის სეზონზე საქართველოს აეროპორტებიდან 43 ავიაკომპანია 88 მიმართულებით განახორციელებს რეისებს

ზაფხულის სეზონზე საქართველოს აეროპორტებიდან 43 ავიაკომპანია 88 მიმართულებით განახორციელებს რეისებს

12-06-2023 21:00:20

2023 წლის I კვარტალში საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით 1.048 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, რაც 49.9%-ით მეტია 2022 წლის I კვარტალთან შედარებით და 3.3%-ით მეტი პანდემიამდელ (2019 წლის I კვარტალი) მაჩვენებელთან შედარებით.

PMC Research-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა ყველაზე მეტი იყო თბილისში (713,600), რომელსაც მოსდევდა ქუთაისი (253,100) და ბათუმი (77,100).

„თუმცა, მიუხედავად წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდისა, თბილისის აეროპორტისთვის მგზავრთა რაოდენობა ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს (11%-ით ნაკლები 2019 წლის I კვარტალთან შედარებით), ხოლო ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდელ რაოდენობას.

საქართველოს შიდა აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ მთლიანობაში გადააჭარბა პანდემიამდელ (2019 წლის I კვარტალში) მოცულობას, თუმცა ამბროლაურის აეროპორტის მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა 2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, შემცირდა“, - განმარტავენ PMC Research-ში.

საქართველოში სამგზავრო ფრენების რაოდენობის აღდგენის ტემპი ეტაპობრივი იყო და შეიმჩნეოდა აღდგენის სეზონურობაც. კერძოდ, 2021 წლის III კვარტალში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღდგა, რასაც მოჰყვა კლება და შემდგომი აღდგენა 2022 წლის III კვარტალში. 2023 წლის I კვარტალში სამგზავრო ფრენების რაოდენობა თითქმის აღდგა პანდემიამდელ ნიშნულამდე და მიაღწია 4.8 ათას ფრენას, რაც 37.1%-ით მეტია 2022 წლის I კვარტალთან შედარებით.

ზამთრის სეზონის განმავლობაში (2022 წლის 30 ოქტომბერი – 2023 წლის 25 მარტი), განრიგის მიხედვით, საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარულ რეისებს ახორციელებდა 41 ავიაკომპანია 61 მარშრუტით. ამავე პერიოდში, კვირაში ფრენების საშუალო რაოდენობამ 390 შეადგინა, რაც 6%-ით ნაკლებია 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის განრიგთან შედარებით.

2023 წლის ზაფხულის სეზონში ( 26 მარტი – 2023 წლის 28 ოქტომბერი) დაგეგმილია 43 ავიაკომპანიის რეგულარული ფრენები საქართველოს აეროპორტებში, რაც ოდნავ მეტია 2022-2023 წლების ზამთრის სეზონის მაჩვენებელზე. მარშრუტების საერთო რაოდენობა შეადგენს 88-ს, რაც 44.3%-ით მეტია წინა სეზონთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ზაფხულის სეზონის განრიგით განსაზღვრულ მიმართულებებზე 6.4%-ით ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ზაფხულის სეზონზე ყოველკვირეული რეისების საშუალო რაოდენობა განრიგის მიხედვით მიაღწევს 555-ს, რაც 42.3%-ით მეტია 2022-2023 წლების ზამთრის სეზონთან შედარებით და 5.9%- ით ნაკლებია 2019 წლის ზაფხულის სეზონში დაგეგმილი ფრენების რაოდენობაზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები