2-4 ივნისს WinExpo Georgia - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენასა და ღვინის საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს. მასშტაბური გამოფენა ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში და ღია საგამოფენო სივრცეში ჩატარდება.
რა იქნება მასშტაბური გამოფენის მთავარი გზავნილი და რა სიახლეებს შესთავაზებს სტუმრებს ღვინის ინდუსტრია ამ თემაზე Business Insider Georgia ექსპო-ჯორჯიას დირექტორს რესან ქიქავას ესაუბრა.
- რა უპირატესობა აქვს WinExpo Georgia-ს წელს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?
- ესაა რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა და საერთაშორისო კონკურსი. ჩვენთვის კონკურის ნაწილია უფრო მნიშვნეოვანი, რომელიც პანდემიის შემდგომ აღვადგინეთ და წელს 5 ქვეყნიდან 7 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს 300-მდე ქართულ ღვინოს.
ტრადიციულად გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.
ღვინის კონკურსის თავმჯდომარეა ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან - ტიმ ატკინი. ის მრავალ ჯილდოს ფლობს, არის ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავლი სხვა გამოცემის ავტორი.
ვფიქრობთ, რომ მათი შეფასებები ქართულ ღვინოსთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, როგორც მწარმოებლებითვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო „ბაიერებისთვის“, რადგან ჟიურის წევრების „წონა“ მაღალია საერთაშორისო ასპარეზზე.
ასევე ჩამოდიან „ბაიერები“ სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მოახდენენ საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გაცვლიან ინფორმაციას სხვადასხვა ბაზრების შესახებ.
- რამდენად წარმომადგენლობითი იქნება WinExpo Georgia 2023 ადგილობრივი ღვინის ინდუსტრიის კუთხით?
- წარმოდგენილი იქნებიან მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე ღვინის მარნები, ნატურალური ღვინის მწარმოებლები... შევეცადეთ, რომ სრულად წარმოგვედგინა ინდუსტრია და ყველა დაინტერესებული მხარე. არის მოლოდინი, რომ WinExpo Georgia-ს ბევრი სხვა საერთაშორისო სტუმარიც ეწვევა, იქნებიან ქართველი მეწარმეები, ღვინის მოყვარულები და ვეცდებით, რომ ეს იყოს კიდევ ერთი მნიშცვნელოვანი, საზეიმო დღე ქართული ღვინისთვის.
- ვინ შეიძლება გახდეს WinExpo Georgia 2023-ის აღმოჩენა?
- გამოფენის ერთერთი მიზანი ზოგადად არის ქართული ღვინის პოზიციების გამყარება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე და ინდუსტრიაში ახალი აღმოჩენების გაკეთება.
მე პირადად უფრო მცირე მარნები და ნატურალური ღვინის მწარმოებლები მაინტერესებს. თუმცა, იქნებიან მსხვილი კომპანიები, რომლებიც ახალ პროდუქტებს წარადგენენ.
ასევე გამოფენა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ წარმოდგენილი იქნება შესაფუთი მასალები, ასევე სხვა და სხვა ტიპის სერვისები, რომელიც ინდუსტრიას სჭირდება. ვფიქრობ, ამ მხრივაც ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების ინტერესები დაკმაყოფილდება.
- როგორ ფიქრობთ, ჩამოყალიბდა თუ არა WinExpo Georgia ღვინის, როგორც ბიზნესის განვითარების პლატფორმად და რა როლი აქვს ამ მიმართულებით?
- WinExpo Georgia ჩამოყალიბდა ღვინის ინდუსტრიის მოთამაშეების დამაკავშირებელ პლატფორმად. მიხარია, რომ ყოველ წელს მისი მასშტაბი უფრო და უფრო იზრდება. მზარდია ინდუსტრია და ასევე მონაწილეების მასშტაბი.
ბევრი ადამიანი ჩამოდის WinExpo Georgia-ს ღვინის გამოფენაზე ახალი ღვინოების აღმოსაჩენად.
ეს გამოფენა არ არის მხოლოდ ღვინის, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასევე სხვა ალკოჰოლური სასმელებიც და ამ კუთხითაც საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის.
- როგორ შეაფასებთ WinExpo Georgia-ს ფარგლებში ინდუსტრიის განვითარების დონეს და როგორია ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების გეოგრაფია, მას შემდეგ რაც ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყო?
- ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის იდენტობისთვის, ქვევრის ნატურალური ღვინის პოზიციების გაძლიერება საერთაშორისო ბაზრებზე. მნიშვნელოვანია, ამის სწორად პოზიციონირება და ხარისხზე, განსხვავებულობაზე მეტი აქცენტის გაკეთება.
რა თქმა უნდა საჭიროა ახალი ბაზრების აღმოჩენა და კომერციული ღვინის არსებობა და მისი განვითარება ინდუსტრიისთვის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ფესვები, თუ საიდან მოვდივართ და ისტორია რომელზეც ვსაუბრობთ, 530 ყურნის ჯიში.
ჩვენი ფესვები არის ენდემური ჯიშის ყურძნისგან, ნატურალური ღვინის წარმოება ქვევრებში. ამიტომ სტუმრებს უნდა დავახვედროთ გამორჩეული ხარისხის ღვინოები, რომელიც მათ გააკვირვებს და ჩვენი ქვეყნის შესახებ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას შეუქმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი ღვინის წინა პლანზე წამოწევა. ამასთან, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კომერციული ღვინის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებულია დიდ მოცულობებზე და ბაზრებზე, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და მის განვითარებასაც ხელი უნდა შევუწყოთ.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დავაკავშიროთ ერთმანეთთან და შევქმნათ ერთობა ინდუსტრიაში და ვიპოვოთ საერთო ინტერესები - რაც არის ჩვენი ქვეყნისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარება და იდენტობის წინ წამოწევა.
WinExpo Georgia-ს ფარგლებში, რომელი ქვეყნებიდან არის გაზრდილი ინტერესი ქართულ ღვინოსთან მიმართებით?
ინტერესი არის ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან. არის აზიის ბაზარი, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება, ჩინეთი, კორეა და ა.შ. კომერციული ღვინისთვის ეს ბაზები მნიშვნელოვანია. ასევე იქნებიან სტუმრები, რომლებიც დამოუკიდებლად ჩამოვლენ. იქნებიან ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ მოწვეული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრები. ღონისძიების დასრულების შემდეგ უფრო მეტი ინფორმაციის გაჟღერების საშუალება გვექნება, როგორც აღმოჩენების, ისე მონაწილე ქვეყნების შესახებ.
- თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაჩნდა ქართული ქვევრის ღვინოების მიმართ უცხოეთის ბაზრებზე ინტერესი?
- ჩვენ ყველასგან განსხვავებული ერი ვართ და განსხვავებული ღვინო გვაქვს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი განძი, ჩვენი ფესვები, ჩვენი, როგორც ერის, იდენტობა. ესაა ჩვენი უირძნის ჯიშები, ნატურალური ღვინის დაყენების ტექნილოგია, რომელიც არავის არ ჰგავს, არავისგან არ გადმოგვიღია. ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი წინაპრების, ეს არის ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი წინა პლენზე წამოწევა. ამ განსხვავებულობას, ამ ხარისხს და ტექნოლოგიას უნდა გავუფრთხილდეთ და ყველა შევეცადოთ, რომ ამ დროშით შევიდეთ ევროპულ ბაზრებზე და ყველამ ერთად მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იქ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას.
უახლესი