Art Glass Studio, რომელიც „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში მიღებული გრანტით გაფართოვდა, არსებული შეკვეთების ფონზე წარმოების კიდევ უფრო ზრდას გეგმავს.
როგორც Art Glass Studio-ს მენეჯმენტი აცხადებს, საწარმოში, რომელიც ბათუმის ცენტრში მდებარეობს, მხატვრული ვიტრაჟის დამზადება და გრავირება ხდება და მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ საწარმო შესული დაკვეთების სრულად დასაკმაყოფილებლად კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს.
საწარმომ „აწარმოე საქართველოში“-ის ფარგლებში მიღებული გრანტით, რომელიც 20 ათას ლარს შეადგენდა, ვიტრაჟის კონტურული დანადგარი შეიძინა.
Art Glass Studio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ საწარმო ძირითადად ექსკლუზიურ შეკვეთებზე მუშაობს, რასაც შედარებით მეტი დრო სჭირდება. რაც შეეხება ფასებს, მიქელაძის განმარტებით, 1 კვ/მ შუშის მოხატვა 900 ლარიდან იწყება.
„საწარმოს ჩამოყალიბების იდეა 10 წელზე მეტია რაც არსებობდა. თუმცა 2018 წელს მივმართეთ „აწარმოე საქართველოში“-ს და მოვიპოვეთ გრანტი. დაფინანსების მოპოვების შემდეგ შევიძინეთ დაზგა, რომელმაც წარმოების გაფართოების საშუალება მოგვცა. ამ ეტაპზე აჭარის გარდა ათვისებული გაქვს ქვეყნის ყველა რეგიონი.
გვაქვს შეკვეთები, როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც. რეალურად უცხოეთშიც საკმაოდ ბევრი ნამუშევარი გაგვაქვს“, - განმარტავს Art Glass Studio-ს ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ შავაძე, რომელიც დამკვეთებს ვიტრაჟის დიზაინის შექმნაში, თუ არჩევაში ეხმარება და ცდილობს, რომ მასთან შესული დაკვეთა კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს და ისე მიაწოდოს დამკვეთს.
მარიამ შავაძის თქმით, Art Glass Studio ძირითადად ორიენტირებულია კერძო შეკვეთებზე, თუმცა ს სერიული წარმოებაც აქვთ.
„ვიტრაჟები 2018-2019 წლის შემდეგ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. შეიძლება ამაში ჩვენმა წარმოებამაც შეიტანა საკუთარი წვლილი და შეკვეთები გაქვს ძირითადად სხვადასხვა ბარებიდან და რესტორნებიდან. ზოგადად ვიტრაჟი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა ბოლო წლებში მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა“, - ამბობს მარიამ შავაძე.
Art Glass Studio-ს დღეს ნებისმიერი ზომის და სირთულის შეკვეთების მიღება შეუძლია. რაც შეეხება წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს თურქეთიდან და ინგლისიდან შემოაქვთ.
უახლესი