ზაფხულის ტურისტული სეზონის კარგი მაჩვენებლების ფონზე, ინდუსტრია შემოსავლების კუთხით ახლა უკვე გათვლას ზამთრის ტურისტულ სეზონზე აკეთებს.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე უფრო მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირებაა მოსალოდნელი.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლები გამოქვეყნდა. მესამე კვარტალი ტურიზმის სექტორში საკმაოდ წარმატებული მაგალითებით გამოირჩევა. შესაბამისად სტატისტიკურ მონაცემებში გაქვს მნიშვნელოვანი ზრდა, რაც პირდაპირ აისახება ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 26%-იანი ზრდა გაქვს, რაც შემოსავლების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესის განვითარებისთვის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის, რისკენაც ისწრაფვის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად. თავისთავად ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ წინ გაქვს შემოდგომის სეზონი. მოლოდინი არის საკმაოდ მაღალი, ველოდებით რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე გაცილებით კარგი მაჩვენებლები დაფიქსირდება რაც თავისთავად განაპირობებს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ბიზნესის ინტენსიურ ჩართულობას პროცესებში“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.
2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.
უახლესი