საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკირის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მედიასთან, საბანკო სექტორის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა შეაფასა.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ბანკირისა და საბანკოს სფეროს პროფესიულ დღეს, რომელიც მრავალი წელია აღინიშნება. სიმბოლური თარიღია, რადგან დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, რომლის სახელიც უკავშირდება თბილისში პირველი კომერციული ბანკის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაფუძნებასა და ხელმძღვანელობას“, - განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ პირველი კომერციული ბანკის დაფუძნების შემდეგ, საბანკო სისტემამ დიდი გზა გაიარა და დღეს ეს სფერო ერთ-ერთი ლიდერი ინდუსტრიაა.
„დღეს საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ლიდერი ინდუსტრია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეროვნული ბანკი და ჩვენი თითოეული თანამშრომელი დგას სტაბილურობის სადარაჯოზე.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი საბანკო-საფინანსო სისტემა არის მყარი, ჯანსაღი, მზარდი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. რა თქმა უნდა ჩვენ, ეროვნული ბანკი, როგორც მარეგულირებელი განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტები დაწესდეს და ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ჩვენი ეკონომიკური განივთების ქვაკუთხედი“, - განაცხადა თურნავამ.
ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის - "სათავადაზნაურო ბანკის" დაარსების 125-ი წლისთავისა და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163 - ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, 2001 წლიდან ყოველ 8 ნოემბერს აღინიშნება.
უახლესი