2024 წელი ზოგადად სუსტად დაიწყო. ალბათ ეს გამოწვეულია იმით, რომ შემცირდა ის მაღალი აქტივობები, რაც წინა წელს იყო მიგრანტებიდან, ტურისტული ნაკადებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
ამასთან, თბილისი ცენტრალის დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ აქტორების შენელების მიუხედავად, სექტორში პოზიტიური ზრდაა მოსალოდნელი.
„საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ სექტორში წელს პოზიტიური ზრდა იქნება, რაც ქვეყნის საშუალო ეკონომიკურ ზრდას გაუტოლდება, არანაირ დიდ გარღვევებს წელს არ ველოდებით.
აქ არსებული კომპანიების გაყიდვები, 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, 10-20%-ით არის შემცირებული. ზოგადად, ახალი წლის შემდეგ სექტორში ზრდა შენელდა“, - ამბობს ყარალაშვილი.
„თბილისი ცენტრალი“ ობიექტებში სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზე, ცვლილებებს გეგმავს. ამ დროისთვის სივრცე 100%-ითაა დატვირთული, თუმცა, როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორი ამბობს, სივრცეში გადალაგების პროცესის დასრულების შემდეგ, ბრენდების შემოსაყვანად ადგილები გათავისუფლდება.
„თბილისი ცენტრალის ნიშური მიმართულებაა და კონცენტრაციაა გაკეთებული ოქროსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებაზე. ჯამში აი ორ მიმართულებას უკავია მოლის თითქმის 80%. ოქროს ბირჟის გაფართოება ერთობლივი გააზრებული სტრატეგიის ნაწილი იყო, თითქმის ნახევარ ჰექტარზეა დღეს ჩვენთან ოქროს ნაწარმი წარმოდგენილი და ამ მიმართულებით როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა და ბიზნესერთეულის საქმიანობის ტრენდი დადებითია“, - აღნიშნავს ყარალაშვილი.
თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ 2010 წლის მაისში გაიხსნა.
ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა სს "თბილისი ცენტრალს" 49-წლიანი იჯარით 2006 წელს გადაეცა.
პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა. აქედან 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენილი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი.
უახლესი
3 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება