2023 წლის პირველ ნახევარში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი.
გალტ & თაგარტის შეფასებით, თურქეთის ბაზარზე გაზრდილმა ფასებმა გაზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიის ექსპორტზე, შესაბამისად გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც.
ელექტროენერგიის მოხმარებასა და მიწოდების მიქსში არსებულმა ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა ექსპორტის მოცულობის 21.4%-იანი წლიური ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ფასი წლიურად 19.6%-ით შემცირდა, საექსპორტო შემოსავლები კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა და 53.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (-2.4% წ/წ).
შესაბამისად, ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტმა 2023 წლის პირველ ნახევარში 51.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.7-ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
„ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 10.1%-ით შემცირდა 2023 წლის პირველ ნახევარში, რაც განსხვავდება ბოლო 10 წლის ტენდენციისგან (პანდემიური წლის გამოკლებით). კლება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო აფხაზეთის რეგიონის და პირდაპირი მომხმარებლების, კერძოდ, მეტალურგიული და დატამაინინგ კომპანიების მოხმარების შემცირებით.
ამასთან, მოხმარების კლება დაიწყო 2022 წლის მეორე ნახევარში და სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა და ფასი დაბალი იყო 2023 წლის პირველ ნახევარში. იმპორტირებული ელექტროენერგიის ერთადერთი მომხმარებელი იყო აფხაზეთის რეგიონი, რომელიც ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად იღებს (კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტი).
დანარჩენმა საქართველომ კომერციული იმპორტი ჩაანაცვლა შედარებით იაფი თბოგენერაციით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში თბოსადგურების ფასი გლობალურ სტანდარტებთან შედარებით დაბალია სოციალური გაზის ხელმისაწვდომობის გამო“, - ნათქვამია გალტ & თაგარტის მიმოხილვაში.
უახლესი