ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს, რომ 2024 წელს კიდევ უფრო მომზადებული შეხვდეს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.
როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა 2023 წლის შეფასებისას თქვა, 2023 წელს ქვეყნის ტურისტულმა ინდუსტრიამ შეძლო და არსებული გამოწვევების ფონზეც კი აღდგენის სწრაფი ტემპი შეინარჩუნა.
„2023 წელი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან პანდემიის შემდეგ სწრაფი აღდგენის ტემპი არ შეჩერებულა. გამოწვევების მიუხედავად, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენისა და ისრაელში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ზრდის ტემპი შენარჩუნებულია. რაც თავისთავად იმ მარკეტინგული აქტივობების შედეგია, რომელიც ბოლო წლებში დაიგეგმა და განხორციელდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2023 წელს ITB Berlin-ზე საქართველოს წარდგენა. ITB Berlin მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად გერმანიაში იმართება და 2023 წელს საქართველო იყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის რანგში, რამაც ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვანი ყურადღება გამოიწვია და ის მარკეტინგული აქტივობები, რომელიც ITB Berlin-ის ფარგლებში დაიგეგმა მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. კერძოდ, სხვადასხვა ფესტივალებსა და საერთაშორისო ღონისძიებებს, რომელიც საქართველოში გაიმართა, გარკვეული ეფექტი ჰქონდა ქვეყნის ცნობადობის ზრდის ნაწილში. რამაც თავის მხრივ გამოიწვია როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდა, ასევე გაიზარდა ეკონომიკის შემოსავლები“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ზამთრის მიმდინარე ტურისტული სეზონიც კარგად დაიწყო, რადგან მთის კურორტებზე უკვე თოვლია.
„ზამთრის სეზონი ჯერ კიდევ წინაა და ძალიან გაგვიმართლა, რომ გვაქვს უხვი თოვლი, რაც არამარტო საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობას ზრდის ჩვენს ქვეყანაში, არამედ ადგილობრივი ტურიზმისთვისაც ძალიან დიდი სტიმულია.
ისრაელიდან ზამთრის სეზონზე ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში თუმცა ამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ზრდის ტემპი გარკვეულწილად შენარჩუნებულია“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
უახლესი