დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურისტულ სეზონზე გაყიდვების ზრდას ველოდებით - „ლუმიერსი“

ტურისტულ სეზონზე გაყიდვების ზრდას ველოდებით - „ლუმიერსი“

12-06-2024 12:00:00

ჩეხური ტკბილეულის ნაირსახეობა – ბუხრის ნამცხვრის ე.წ. ტრდელნიკის  მწარმოებელი კომპანია ‘’ლუმიერსის“ დამფუძნებელი ემილ  კურბანოვი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ 2024 წლის ტურისტულ სეზონზე გაყიდვების ზრდას ელოდება და შემდეგ კი გაფართოების კუთხით კომპანიის საინვესტიციო გეგმებს გადახედავს.

„მაისში გაყიდვების კლება გვქონდა. ზაფხულის სეზონის დადგომის შემდეგ კი ჩვენი ხუთი ფილიალიდან გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა ლისის ტბის ფილიალში. ახლა ტურიზმის სეზონი აქტიურდება და სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ლისის ტბას და შესაბამისად გაყიდვები გაიზარდა. მოლოდინი გვაქვს, რომ თბილისის სხვა ფილიალებშიც გაიზრდება ეს მაჩვენებელი“, - ამბობს „ლუმიერსის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება გაფართოების გეგმებს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ეს ზაფხულის სეზონზე მიღებულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„თუ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად ბიზნესს გავაფართოებთ“, - ამბობს ემილ კურბანოვი.

რაც შეეხება ასორტიმენტს, დღესდღეობით, „ლუმიერსი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან ინგრედიენტებსა და არომატებს სთავაზობს, როგორიცაა კლასიკური ტრდელნიკი, ტრდელნიკი შოკოლადით ან ვანილის კრემით, სხვადასხვა სეზონური ხილითა და თხილეულით. ბრენდის ნიშაა ცომის უნიკალური რეცეპტით დამზადებული ტრდელნიკი, რომლის შემადგენლობაშია 100%-ით ნატურალური, ახალი და ცოცხალი ინგრედიენტები.

„ლუმიერსი“ უნიკალური კონცეფციით შექმნილი საკონდიტროა, სადაც  მხოლოდ ერთი პროდუქტი – ტრდელნიკი განსხვავებული ვარიაციებით მზადდება. კომპანია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ევროპული ფუნთუშები საქართველოშივე გასინჯონ. ე.წ. take away საკონდიტროს შექმნის იდეა კი ბრენდის დამფუძნებელს ემილი კურბანოვს საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუჩნდა. 

ცნობისთვის, „ლუმიერსის" პირველი მაღაზია თბილისში 2018 წელს, პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა, შემდეგ ლისის ტბის ფილიალი. „ლუმიერსის" მესამე ობიექტი ილია ჭავჭავაძის #10-ში პანდემიის დროს გაიხსნა, მეოთხე - კოტე აფხაზის ქუჩაზე, ხოლო 2024 წელს "ისთ ფოინთში“ მეხუთე ფილიალი ამუშავდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები